თბილისში „მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნა

0

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიო სურსათის დღე აღნიშნეს.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მიმართა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ გაეროს სპეციალიზებულ ორგანიზაციებთან და მათთან ერთად ვახორციელებთ არაერთ უმნიშვნელოვანეს პროგრამას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებისკენ არის მიმართული. სურსათის უსაფრთხოების დაცვა ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებაა და ვფიქრობ, კოორდინირებული თანამშრომლობით სურსათის უსაფრთხოების საკითხებში მიღწეული შედეგი ეფექტიანი იქნება“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
აღსანიშნავია, რომ „მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წელს ეს დღე მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნა.
ღონისძიებას ყოველწლიურად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და FAO მასპინძლობენ და ერთობლივი პროექტების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ერთი წლის შედეგებს აჯამებენ. წელს განსაკუთრებული აქცენტი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამების, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემების, ნადირობისა და ველური ბუნების მართვის პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე გაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი