პატარკაციშვილის ოჯახის განცხადება: დღევანდელი ბრიფინგი იყო ძლიერი შოკი ჩვენი ოჯახისთვის

0

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე და მათი შვილები საქართველოს პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებენ.
ოჯახი გამოძიების უმოკლეს დროში დასრულებასა და მკვლელობის დამკვეთებისა და შემსრულებლების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
„იმის მიუხედავად, რომ გამოძიება უკვე ძალიან დიდი ხანია, გრძელდება, პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი იყო ძლიერი შოკი ჩვენი ოჯახისთვის. ძნელია, გადმოსცე, რას გრძნობს ოჯახი, რომელმაც დაკარგა ბადრი, მაშინ, როდესაც ეთერით ვისმენთ საუბრებს იმის შესახებ, თუ როგორ იგეგმებოდა მისი მკვლელობა.
მოვითხოვთ სრულყოფილი გამოძიების უმოკლეს დროში დასრულებას და ვიმედოვნებთ, რომ ყველა, ვინც ამ ბოროტებას გეგმავდა, მკვლელობის დამკვეთებიდან დაწყებული, შემსრულებლებით დამთავრებული, სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, როგორც კანონის, ასევე, თავის დროზე, ღმერთის წინაშე“, – აღნიშნულია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გაიხსნა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.

კომენტარები

კომენტარი