ეკა ბესელია პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: „მასტერას“ პერიოდში ვცხოვრობდით და ქვეყნის სათავეში მკვლელები იყვნენ
გასაოცარი არაფერია იმაში, რომ ასეთი ფაქტი შეიძლება მომხდარიყო, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის საქმის თაობაზე გავრცელებულ განცხადებასა და ჩანაწერებს.
ბესელიას თქმით, ყველა დანაშაული, რომელიც წინა ხელისუფლებაშია ჩადენილი, ბოლომდე მისაყვანია, ბრალეული პირები კი გამოსააშკარავებელი.
„თუ საქმე სასამართლოს მიერ დადასტურდება, ის არანაირმა კალენდარმა არ უნდა გააჩეროს. პოლიტიკური კალენდრის მიხედვით, არცერთი საქმე არ უნდა იყოს შეჩერებული და გაჩერებული. 2007 წელს პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევდა, იმ პერიოდში ბადრი პატარკაციშვილის როლი და სახიფათო ინფორმაციები მახსოვს, რაც მაშინ ვრცელდებოდა. გასაოცარი არაფერია იმაში, რომ ასეთი ფაქტი შეიძლება მომხდარიყო. შთაბეჭდილება მხოლოდ ამ ჩანაწერებით არ მექმნება. მაშინ ინფორმაციები მოგვდიოდა, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა მზადდებოდა და ამის თაობაზე საჯარო განცხადებებიც კეთდებოდა. ფაქტში ვინ არის მხილებული და ვის რა როლი მიუძღვის, ამას გამოძიება იტყვის. როცა საუბარია, რომ შესაძლოა, ბრალდებულ პირებს შორის ქვეყნის პრეზიდენტი იყოს, ამაზე უფრო მძიმე არაფერია. „მასტერას“ პერიოდში ვცხოვრობდით და ქვეყნის სათავეში მკვლელები იყვნენ, რაც ახალი არ არის. ამის გახსნას იმდენი წელი დასჭირდა, რამდენიც მტკიცებულებების მოპოვებას სჭირდება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა.