ნინო ლომჯარია: არსებობს კითხვის ნიშნები და უნდობლობაც, თუნდაც ბოლოს გავრცელებული ჩანაწერის მიმართ

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს იმასთან დაკავშირებითაც, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდება თუ არა პატიმრისა და მესამე პირის საუბრის ფარული მიყურადება.
მისივე განცხადებით, გამოძიებამ უნდა თქვას თავისი სათქმელი.
„ჩვენ დავინტერესდით ამ ჩანაწერების გარშემო განვითარებული მოვლენებით. ამას ემსახურებოდა ჩემი გუშინდელი ვიზიტიც მირზა სუბელიანთან. სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, აქ გამოძიებამ უნდა თქვას თავისი სათქმელი. ნამდვილად არსებობს კითხვის ნიშნები და უნდობლობაც, ალბათ, თუნდაც, ბოლოს გავრცელებული ჩანაწერის მიმართ. მეც მაქვს კითხვები. ასევე, ერთ გარემოებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაზეც პოლიტიკოსები არ საუბრობენ და მიმაჩნია, რომ გამოძიება ასევე უნდა დაიწყოს იმასთან დაკავშირებით, ხდება თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფარული მიყურადება პატიმრისა და მესამე პირების საუბრის. ეს მიანიშნებს, რომ გარკვეული პრობლემები ამ თვალსაზრისით, არსებობს”, – განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები