კობა დავითაშვილი: ნარკოტიკებით ვაჭრობით მიღებული ფული ყარს, არ გვინდა ასეთი გზით შევსებული ბიუჯეტი
ფულს სუნი აქვს, ნარკოტიკებით ვაჭრობით მიღებული ფული ყარს და მოაქვს იმხელა ზიანი, რომ ვერ გადაფარავს ვერანაირი სარგებელი, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დავითაშვილი მარიხუანას კულტივაციის საკითხს გამოეხმაურა.
„იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ეს განხორციელდა, ვხედავ რომ ეს ერთიანი გეგმის ნაწილია. არ მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებდა.
როცა ჯერ საკონსტიტუციო სასამართლო იღებს მოხმარების ლეგალიზაციის გადაწყვეტილებას და ამ ფონზე, მთავრობა შემოდის ინიციატივათ, რაკი ლეგალური გახდა, ბარემ ჩვენ ვივაჭროთო, დიდი გენიოსობა არ არის საჭირო, რომ იგივე „გირჩი“, ნაძვი ან ფესვები შეიტანენ სარჩელს და იტყვიან, თუ ასეთი სასარგებლო და სამკურნალოა მარიხუანა, რატომ ვყიდით მხოლოდ საზღვარგარეთ, ეს ხომ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევაა. საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს კანონის იმ ნორმას, რომელიც მხოლოდ ექსპორტზე ითვალისწინებს გატანას და ჩვენს აფთიაქებში გამოჩნდება დაფასოებული მარიხუანა.
ვერავინ აკონტროლებს ამ ქვეყანაში ერთ ლოკალურ ფესტივალს. შეიძლება მიიჩნევენ, რომ ამით ბიუჯეტი შეივსება, მაგრამ არ გვინდა ასეთი გზით შევსებული ბიუჯეტი“, – განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსნებთ, “კანაფის კონტროლის შესახებ” კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადადო. როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, საქართველოში მცენარე კანაფის მოყვანა-კულტივაციას ითვალისწინებს საექსპორტო მიზნებისათვის.