ჯაკარტაში ქართული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა

ინდონეზიის რესპუბლიკაში დედაქალაქ ჯაკარტის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში Sari San Pacific საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული კულინარიის ფესტივალი გაიმართა, სადაც ქართულ კერძებთან ერთად, ქართული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციას ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატები, ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, სამთავრობო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საფესტივალო კვირეულის განმავლობაში ქართული კერძები შეტანილი იყო რესტორნის მენიუში და სტუმრებს ქართული სამზარეულოს გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ქართული კულინარიული კვირეული ქართული ეთნო ჯაზბენდ „ირაოს” მუსიკალური თანხლებით გაიხსნა. წარმოდგენილმა ღვინოებმა სტუმრების მაღალი შეფასება დაიმსახურა, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ და ცნობადობის ამაღლებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. კულინარიულ ფესტივალზე საქართველოდან წარმოდგენილი იყო ღვინის კომპანიების პროდუქცია: „ქინძმარაულის მარანი”, „შალვინო”, შუმი”, „ხოხბის ცრემლები”, „კახური ტრადიციული მეღვინეობა”, „ქიმერიონი” და „შუხმანის ღვინოები”.
9 მაისიდან 1 ივნისამდე ჯაკარტაში მიმდინარეობს მასშტაბური ღონისძიება „ყველისა და ღვინის მე-7 საერთაშორისო გამოფენა”, რომლის ფარგლებშიც 20 მაისს ქართული ღვინოების გამოფენა-დეგუსტაცია მოეწყობა. გამოფენაში მონაწილეობენ: აშშ, ავსტრალია, კანადა, ჩილე, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა.
ქართული ღვინოების დეგუსტაციას დაესწრებიან ღვინის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები: ინდონეზიიდან, სინგაპურიდან, ჩინეთიდან, სასტუმროებისა და რესტორნების მეპატრონეები, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები და ინდონეზიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები