ლევან უჯმაჯურიძემ „ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმზე“ ქართული ვაზის გენოფონდის მნიშვნელობაზე მოხსენება წარადგინა
საერთაშორისო ფორუმს, რომელიც თბილისში გაიმართა, ადგილობრივი და საერთაშორისო ღვინის ექსპერტები, მარკეტერები, სომელიეები, მწერლები, სამეცნიერო და სასწავლო საზოგადოების წარმომადგენლები, ღვინის მწარმოებლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
„ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმის“ ფარგლებში, მოხსენება თემაზე: „ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის მოძიება, აღდგენა, კვლევა და კონსერვაცია“ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ წარადგინა.
ლევან უჯმაჯურიძემ ქართული ვაზის უნიკალურ გენეტიკურ მრავალფეროვნებაზე, მის ისტორიულ წარსულზე, მოძიებისა და კონსერვაციის პროცესებზე, ცენტრის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე, მევენახეობა-მეღვინეობის გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რომ ქართული ვაზის გენეტიკური მემკვიდრეობა არამხოლოდ დაცული და შესწავლილი იყოს, არამედ ფართოდ წარმოჩნდეს ადგილობრივ და საერთაშორისო შეხვედრებზე, როგორც ქართული მეღვინეობის განვითარების უმთავრესი წინაპირობა. რაც უფრო მეტი პროექტის განხორციელებას შევძლებთ ამ მიმართულებით, მით უფრო გაძლიერდება ჩვენი ღვინის ინდუსტრიის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე“, – განაცხადა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა სემინარები, მასტერკლასები და დისკუსიები, რომლებიც მიზნად ისახავდა ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციას და დარგის პროფესიონალებს შორის კავშირების გაძლიერებას.
ღონისძიების ორგანიზატორი პლატფორმა „მადამ სომელიე“, ხოლო მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისის მერია და კახეთის მუნიციპალიტეტები იყვნენ.