„ნარკოტიკის პირველივე მოხმარება უნდა ისჯებოდეს ჯარიმით“ – კობა დავითაშვილმა პარლამენტში დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი შეიტანა

0

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მკაცრი დეკრიმინალიზაციის მომხრეა. ამის შესახებ დავითაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პარლამენტში კობა დავითაშვილის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.
„ჩვენთან ხშირად ხდება ხოლმე ცნებების აღრევა, ლეგალიზაცია ნიშნავს როდესაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება თუ გასაღება არ არის დასჯადი არც სისხლის სამართლის კოდექსით და არც ადმინისტრაციული ჯარიმა აღარ არის. დეკრიმინალიზაცია გულისხმობს, რომ სისხლის სამართლებრივი წესით აღარ ისჯება, მაგრამ ადმინისტრაციული ჯარიმა რჩება. მე ვარ მომხრე დეკრიმინალიზაციის, მაგრამ ვარ წინააღმდეგი ლეგალიზაციის. მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს მკაცრი დეკრიმინალიზაცია. რა არის, ამ შემთხვევაში, სიმკაცრის არსი – ეს გულისხმობს, რომ პირველივე მოხმარება უნდა ისჯებოდეს ჯარიმით. გვინდა, რომ ახალი მომხმარებელი თავიდანვე დავაშინოთ. ჯარიმა 25 ან 100 ლარი კი არ უნდა იყოს, როგორც, ვთქვათ, ბატონი კაკი ზოიძის პროექტი ითვალისწინებს, არამედ უნდა იწყებოდეს 400-500 ლარიდან. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ადამიანები გავაკოტროთ, ჩვენ ვთავაზობთ ასეთ ალტერნატივას, თუ არ გსურს ჯარიმის გადახდა, დათანხმდი მკურნალობაზე და ასეთ შემთხვევაში, გათავისუფლებდები ჯარიმისგან, ეს არის საკმაოდ ჰუმანური მიდგომა. თუ ადამიანი მაინც ჯიუტობს და ამბობს, მე ავადმყოფი არ ვარ, უბრალოდ მომხმარებელი ვარ და ათასში ერთხელ მოვიხმარო, მაშინ გადაიხადოს მაღალი ჯარიმა. იხადოს იქამდე, სანამ არ მიხვდება, რომ ავადმყოფი, ნარკომანია და უნდა იმკურნალოს. სამართლიანი სისტემაა, როცა ადამიანი თავად ირჩევს, თანხმდება მკურნალობას და თავისუფლდება ჯარიმისგან, თუ ჯიუტობს და იხდის ჯარიმას. ეს მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მისი მონაწილეობით პარლამენტში სულ 3 კანონპროექტია შეტანილი.
„2 არის საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, ერთი შეეხება 30 ივლისის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. მიმაჩნია, რომ კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილებები და ის მუხლი, რომელსაც დაეყრდნო საკონსტიტუციო სასამართლო ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, კერძოდ, განიმარტოს, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება პიროვნების თვითდაზიანების, დეგრადირების და თვითგანადგურების უფლება. პარლამენტს უფლება უნდა ჰქონდეს დააწესოს ისეთი კანონი, რომელიც შეზღუდავს და ან საერთოდ აკრძალავს ნარკოტიკული საშუალებების როგორც გასაღებას, ისე მოხმარებას.
მეორე საკითხი – მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების რეფორმა უნდა მოხდეს, კერძოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციები უნდა გადაეცეს ჩვეულებრივ სასამართლოებს. ეს რეფორმა აუცილებლად მიმაჩნია, ჩვენ ვხედავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაიქცა ერთგვარ მეხამრიდად, როდესაც რაიმე საკითხი ვერ გააქვს მთავრობას პარლამენტში, მიაკითხავენ ხოლმე საკონსტიტუციო სასამართლოს, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე მოხალისეები „გირჩის“ სახით, რომლებიც ასეთ სარჩელს შეიტანენ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობდა.
„მარიხუანას მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას”, – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
​მარიხუანას მოხმარება აკრძალული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 45-ე მუხლის ჩანაწერით, რომლითაც ამ ნივთიერების “ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება” სამართალდარღვევას წარმოადგენდა. მისთვის სანქცია 500 ლარს შეადგენდა. მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია არ ნიშნავს ამ პროდუქტის სრულ ლეგალიზებას. ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში კვლავ რჩება ჩანაწერები, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი