გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „მაშავის“ 60 წლის იუბილე აღნიშნეს

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ისრაელის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს „მაშავი“ 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, შაბთაი ცურიმ და სააგენტოს „მაშავი“ ხელმძღვანელის მოადგილემ, იუვალ ფუქსმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.
ნოდარ კერესელიძემ საქართველოსა და ისრაელის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და სააგენტოს მიერ ქართველი ფერმერებისა და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.
„მაშავი“ საქართველოში არაერთ პროგრამას, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. „მაშავის“ პროგრამების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულებმა, ფერმერებმა და მეწარმეებმა საჭირო ცოდნა მიიღეს, რაც არის განვითარების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საფუძველი. ჩვენ მადლობას ვუხდით ისრაელის სახელმწიფოს, ჩვენს მეგობარ ხალხს ამ მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. სასიხარულოა, რომ ყველა ერთად აღვნიშნავთ ამ ორგანიზაციის 60 წლის იუბილეს“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში, თბილისში აღვნიშნავთ „მაშავის“ დაარსებიდან 60 წლის იუბილეს. მოგეხსენებათ, ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოდან ისრაელში ტრენინგები გაიარა 1500-ზე მეტმა პროფესიონალმა, რომლებიც ისრაელში მიღებული ცოდნით დაუბრუნდნენ სამშობლოს და საკუთარ გამოცდილებას დღესაც უზიარებენ სხვებს. მტკიცედ მწამს, რომ მსგავსი ურთიერთობა ორი სახელმწიფოსა და ორი ერის ურთიერთობას უფრო მეტად აძლიერებს“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში, შაბთაი ცურიმ.
იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო 60 წლის განმავლობაში სააგენტოს მოღვაწეობის შესახებ გადაღებული მოკლე საინფორმაციო ვიდეორგოლი.
ისრაელის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტო „მაშავი“ 1958 წელს, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩამოაყალიბა, რითაც ათობით განვითარებად ქვეყანას საშუალება მიეცა, გაცნობოდა ისრაელის გამოცდილებას და მიღწევებს, ტექნოლოგიები და ინოვაციები საკუთარ სახელმწიფოში დაენერგა. მსოფლიო მასშტაბით, 132 ქვეყნის 270 ათასი წარმომადგენელი „მაშავის“ პროგრამების მონაწილეა.

კომენტარები

კომენტარი