მომავალ წელს, თბილისს კიდევ 11 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

0

„მომავალ წელს თბილისს კიდევ 11 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახალი ბაღების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შესაძლებელი იყოს სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის დაკმაყოფილება.
„ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობა, მითუმეტეს, რომ სახელმწიფოს მიერ მისი უზრუნველყოფა კონსტიტუციითაა განსაზღვრული. გვესმის, რომ ყოველწლიურად ბევრი მშობელი ელოდება, მოხვდება თუ არა მისი შვილი ბაღში. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ ბაღში მოხვედრის შესაძლებლობა ყველა ბავშვს არ აქვს. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და საბავშვო ბაღების ნაკლებობითაა გამოწვეული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე იმ 11 ახალი საბავშვო ბაღის პროექტი წარადგინა, რომელთა განხორციელებაც მომავალ წელს იგეგმება.
„2019 წლის ბოლოსთვის ეს პროექტები უნდა იყოს დასრულებული. წელს დაახლოებით, 10 ბაღი აშენდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის საკმარისი. როდესაც ბაღებში რეგისტრაცია ცხადდება, მშობლები შვილების დარეგისტრირებას ვერ ასწრებენ, ანუ დასწრებაზეა ყველაფერი, იმიტომ, რომ არ გვაქვს საკმაო რაოდენობის ბაღები, კონკრეტულ ჯგუფებში კი, ბავშვების დიდი რაოდენობაა, რაც უხერხულობას ქმნის. შესაბამისად, ახალი ბაღების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, ახალი ბაღები დადგენილ თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი