რატომ არ აპირებს რუსული მხარე ლუგარის ლაბორატორიაში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობას – მარია ზახაროვა “კვირას” პასუხობს

ეს ღონისძიება არა კითხვებზე პასუხის გაცემას, არამედ დისკუსიის სხვა მიმართულებით წაყვანას ემსახურება, – ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ვიდეოხიდისას, “მოსკოვი-თბილისი-ტალინი-კიშინიოვი” მედიაჰოლდინგ “კვირას” მიერ დასმულ კითხვას.
“კვირა” დაინტერესდა, თუ მოსკოვს არა ბრალდებები, არამედ კითხვები აქვს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რატომ თქვა რუსულმა მხარემ უარი 14-15 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო სემინარში მონაწილეობაზე.
“ჩვენთვის ცნობილია ამ ვიზიტის შესახებ, თუმცა ვთვლით, რომ ეს ღონისძიება არა კითხვებზე პასუხის გაცემას, არამედ დისკუსიის სხვა მიმართულებით წაყვანას ემსახურება. მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, რომ ამ ღონისძიებების პროგრამა ლაბორატორიის ვერიფიკაციას ვერ უზრუნველყოფს. ვერიფიკაციისთვის შესაბამისი მექანიზმები არსებობს. საკითხზე გაცილებით ვრცელი კომენტარი განთავსებულია ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე და ის ხელმისაწვდომია ყველასთვის. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ 13 აგვისტოს ჟენევაში ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის წევრი ქვეყნების თათბირზე, რუსეთის დელეგაციამ, ასევე, გააკეთა არგუმენტირებული კომენტარი ამ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ და წევრ ქვეყნებს წარუდგინა საკუთარი არგუმენტირებული აზრი ამის შესახებ”, – განაცხადა მარია ზახაროვამ “კვირას” მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
ცნობისთვის, 14-15 ნოემბერს, საქართველოს, გერმანიის მთავრობისა და გაეროს ეგიდით, თბილისში “ბიოლოგიური ლაბორატორიების შეფასების სავარჯიშო” ჩატარდება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ ღონისძიებაზე “ლუგარის ლაბორატორიის” საქმიანობით დაინტერესებული რუსი ექსპერტებიც არიან მოწვეულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები