ნიკა გვარამია: პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერი ადასტურებს იმას, რომ ის დადგმულია

0

დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერი იმას ადასტურებს, რომ ჩანაწერი იქნა დადგმული და საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ გაეხვია უმძიმეს სკანდალში და დანაშაულში, მთელ სახელმწიფო სისტემასთან ერთად, – ასე შეაფასა “რუსთავი 2” – ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერები.
“გუშინვე, ჩვენ დავაანონსეთ, ჩემი სტატუსით დაანონსდა და ასევე, „კურიერშიც“ გავიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ჩანაწერი მზადდებოდა გლდანის ციხეში და ამ ნამდვილად დადგმული ჩანაწერის შინაარსის აბსოლუტური სიზუსტით ვიწინასწარმეტყველეთ. მართლაც, დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერი ადასტურებს იმას, რომ ჩანაწერი დადგმულია და საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ გაეხვა უმძიმეს სკანდალში და დანაშაულში, მთელ სახელმწიფო სისტემასთან ერთად“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს ასახავს.
“იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ უკვე გაასაჯაროვა 11 ოქტომბრით დათარიღებული აუდიოფაილი, რომელზედაც სავარაუდოდ მ.ს.-ს, პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის და მოქალაქე დავით ცუხიშვილს შორის მიმდინარე საუბრებია ფარულად ჩაწერილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროვოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი. დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერი, ისევე, როგორც 11 ოქტომბრის და ასევე მეხსიერების ბარათზე არსებული მესამე აუდიოჩანაწერი, რასაკვირველია, მოითხოვს სპეციალურ საექსპერტო კვლევას, რაც უკვე დაწყებულია. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე.
ამ დროისთვის, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანო ყველაფერს აკეთებს, რომ ამ საქმეზე დადგინდეს სიმართლე და დანაშაულში მხილებული ყველა პირი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში”, -აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი