ომბუდსმენი: მირზა სუბელიანის მიმართ მეთვალყურეობა ხორციელდება, ვადასტურებ, რომ იგი არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში

„მირზა სუბელიანის მიმართ მეთვალყურეობა ხორციელდება და არის დაცვა უზრუნველყოფილი. ვადასტურებ, რომ იგი არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში“ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ტარდება ყველაფერი, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალში თავიდან იყოს აცილებული.
ამასთან, სახალხო დამცველმა მირზა სუბელიანს შეკითხვები ბოლო დღეებში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებითაც დაუსვა, თუმცა მას ამაზე საუბარი არ სურს.
“ბუნებრივია, როდესაც ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელდა რამოდენიმე ჩანაწერი მისი მონაწილეობით, ამას მოჰყვა მისი მხრიდან გუშინ საღამოს თვითმკვლელობის მცდელობა. ბუნებრივია, ჩემი აქ მოსვლის მიზეზი იყო, დამედგინა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა ზომები გატარდა, რამდენად არის დაცული მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, შევთავაზე სახალხო დამცველის დახმარება, იქიდან გამომდინარე, რომ მისი პიროვნების გარშემო, ამ ჩანაწერებს, ძალიან დიდი პოლიტიკური რეზონანსი მოჰყვა და შევთავაზე სახალხო დამცველის დახმარება – თუ რაიმე აქვს მას სათქმელი ჩვენთვის. ძირითადად ამაზე იყო საუბარი. დავუსვი მას კითხვები, თუმცა ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მას არ სურს. ძირითადად საუბრობს ხორავას ქუჩის საქმეზე და იმის შესახებ, რომ ძალიან განიცდის მომხდარს და თანაუგრძნობს ოჯახებს. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ გადავამოწმეთ და ის უკვე ჩართო ციხის ადმინისტრაციამ სუიციდის პრევენციის პროგრამაში. მის მიმართ მეთვალყურეობა ხორციელდება და არის დაცვა უზრუნველყოფილი. ვადასტურებ, რომ არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. შესაბამისად, როგორც გვითხრეს, ტარდება ყველაფერი, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალში თავიდან იყოს აცილებული”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ლომჯარიას განაცხადებით, იგი დაინტერესდა, ხომ არ ხორციელდებოდა სუბელიანიანზე რაიმე ტიპის ზეწოლა, რაზეც სუბელიანმა განუცხადა, რომ “მასზე ზეწოლის განხორციელება შეუძლებელია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები