ლევან იზორია შვედეთის ახალ ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს უმასპინძლა. ლევან იზორიამ მას საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა ხაზგასმით აღნიშნა და შვედურ მხარეს საქართველოს მიმართ აღმოჩენილი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში და ქართულ მხარეს ტოტალური თავდაცვის კუთხით თავდაცვის რეფორმირების პროცესში მათი გამოცდილება გაეთვალისწინებინა.
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში შვედეთის როლზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედი ექსპერტის ჩართულობაზეც გაამახვილა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო-განათლების კუთხით არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზეც იმსჯელეს. შვედეთის სამეფო 2019 წელს „ნატო-საქართველოს სწავლებასა“ NATO-GEO და სწავლებაში „მტკიცე სული“ Agile Spirit ჩაერთვება.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საქართველოში შვედეთის სამეფოს თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი პეტერ ლიდენი დაესწრნენ.
ულრიკ ტიდესტრომი საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები