გიორგი მარგველაშვილი: ზაზა სარალიძე ირინა ენუქიძის მსგავსად, ჩვენი შვილების სიცოცხლეს იცავს

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თანადგომა გამოუცხადა ზაზა სარალიძეს. მისივე შეფასებით, იგი ირინა ენუქიძის მსგავსად, სხვა მოქალაქეების შვილების სიცოცხლესაც იცავს
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ვითარებაზე გამართული პოლიტიკური დებატები და შეფასებები კიდევ უფრო გაუგებარ განცდას ტოვებს საზოგადოებაში.
„უნდა გამოვეხმაურო ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების აქტიურ პოლიტიკურ დისკუსიას. არ შემიძლია არ დავიწყო იმით, რომ კიდევ ერთხელ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ზაზა სარალიძეს. ირინა ენუქიძის მსგავსად, ის იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს. ტრაგიკულია, რომ ათი წლის თავზე, იმ ტრაგედიიდან, რომელმაც შეძრა ქართული საზოგადოება, დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იგივე მოთხოვნით, იგივე ტრაგედიის საზოგადოებისთვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშობელი.
ამ ვითარებაზე გამართული პოლიტიკური დებატები და შეფასებები, კიდევ უფრო გაუგებარ განცდას ტოვებს საზოგადოებაში. არ ვაკეთებ კომენტარს ფარულ ჩანაწერებზე, კომენტარს ვაკეთებ პოლიტიკურ რეაქციებსა და შეფასებებზე, რომელიც ამას მოჰყვება. იმ განცდაზე, რაც არის საზოგადოებაში. საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, კანონიერებისა და ქონების უფლების სახელმწიფოს მიერ ეფექტურ დაცვას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები