დავით სერგეენკო: გუშინწინ გავიგე, რომ დავით ცუხიშვილი სამინისტროს თანამშრომელია

„გუშინწინ საღამოს გავიგე, რომ ეს ადამიანი სამინისტროს თანამშრომელია“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკომ განაცხადა.
მინისტრი ადასტურებს, რომ დავით ცუხიშვილი, რომელიც მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, მის უწყებაში მუშაობს.
„მე გუშინწინ საღამოს გავიგე, რომ ეს ადამიანი სამინისტროს თანამშრომელია. მოგეხსენებათ, რომ ახლა მოხდა გაერთიანება და საკმაოდ მრავალრიცხოვანი შტატებია. გუშინ დავაზუსტეთ, რომ ის უფროს სპეციალისტად მუშაობს გაერთიანებულ სამინისტროში. რაც შეეხება, რატომ მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში, მე ნამდვილად არაფერი ვიცი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ამასთან, სერგეენკოს შეფასებით, აუდიოჩანაწერები არარეალურია.
მისი თქმით, შეკითხვებს სამართალდამცველები გასცემენ პასუხს.
„ჩანაწერების მოსმენის შემდეგ, პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ წარმოუდგენელია, ეს რეალური იყოს. რამდენადაც ვიცი, ამ ჩანაწერების ირგვლივ დაწყებულია გამოძიება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ იქ გაჟღერებული ამბები რეალური არ უნდა იყოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მირზა სუბელიანთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურაში დავით ცუხიშვილი გუშინ გამოკითხეს.
ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები