მამუკა მდინარაძე: საქართველოს დღევანდელი პარლამენტი მიხეილ სააკაშვილის სანოტარო ბიუროს ნამდვილად ვერ დაემსგავსება

„გავრცელებულმა ჩანაწერმა უამრავი კითხვის ნიშანი გააჩინა, საკითხზე განსაკუთრებულად მკაცრი საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გუშინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ფიგურირებს.

მისივე განმარტებით, საქართველოს დღევანდელი პარლამენტი მიხეილ სააკაშვილის სანოტარო ბიუროს ნამდვილად ვერ დაემსგავსება. „ჩანაწერმა უამრავი კითხვის ნიშანი გააჩინა, უამრავი მიმართულებით. საქართველოს დღევანდელი პარლამენტი მიხეილ სააკაშვილის სანოტარო ბიუროს ნამდვილად ვერ დაემსგავსება, რომელიც ამ ქვეყანაში ერთხელ უკვე ნანახი გვაქვს. ყველა კითხვას ბოლომდე ჩავყვებით, რომ ერთი დეტალიც გამოუძიებელი არ დარჩეს და ერთი კითხვა, თუნდაც წვრილმანიც კი, პასუხგაუცემელი არ დარჩეს. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებულად მკაცრი საპარლამენტო კონტროლი იქნება. პარლამენტი სააკაშვილის ნოტარიუსების მსგავსი არ იქნება და მსგავს ქმედებებს არ ჩაიდენს, რომ ვიღაცების „გაპრავებით“ იყოს დაკავებული. სუბელიანი რაც არ უნდა არარეალურ რაღაცებს ლაპარაკობდეს“, – განაცხადა მდინარაძემ. მისივე განმარტებით, შეუძლებელია დაჯერება, რაზეც ჩანაწერში იყო საუბარი, მაგრამ არც ერთი დეტალი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. „დღეს შეუძლებელია იმის დაჯერება, რასაც გუშინ ვისმენდით, მაგრამ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით გეუბნებით, თუ ერთი დეტალის შესახებ რამე კითხვა დარჩება, ჩვენ ვალდებული ვართ, ამას ბოლომდე ჩავყვეთ. ასევე, მნიშვნელოვანია, მსგავსი ჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალების ხელში როგორ ხვდება, არის თუ არა ეს იმ ნეგატიური, ბინძური პიარკამპანიის ნაწილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ ახორციელებს“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის დაუჯერებელი ჩანაწერში გავრცელებული ინფორმაცია, მდინარაძის თქმით, ყველა თავად გასცემს პასუხს, რამდენად რეალურია, რომ დღეს თითქოს ქუჩებში კრიმინალური ბანდები დათარეშობენ ან ადამიანებს აწამებენ. მისივე განმარტებით, პარლამენტს სამართალდამცავ ორგანოებთან ხშირი კომუნიკაცია აქვს. „შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება, კონკრეტული საგამოძიებო ორგანოების და პროკურატურის წარმომადგენლები თუ ამ უწყების ხელმძღვანელი, არც ერთ ეტაპზე მათ ხშირ დაბარებას არ მოვერიდებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები