ნინო ლომჯარია: კონფიდენციალური საუბრის ჩაწერით მირზა სუბელიანის უფლებებიც დაირღვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, P.S.-ში გასულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელიც გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმარ მირზა სუბელიანის საკანშია ჩაწერილი. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მირზა სუბელიანის უფლებები დარღვეულია.
ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ აღნიშნული საუბრის ჩაწერით თავად მირზა სუბელიანის უფლებები დაირღვა. ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი მირზა სუბელიანს, თანხმობის შემთხვევაში, უფლებების დაცვაში დაეხმარებიან.
„მისი უფლებები, ამ შემთხვევაში, არის დარღვეული იმიტომ, რომ რეალურად კონფიდენციალური საუბრის ჩაწერა მოხდა ამ შემთხვევაში და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მისი უფლებების დაცვაში, თუკი მას ექნება სურვილი, რომ მოგვაწოდოს დამატებითი რაიმე ინფორმაცია ამ გარემოებების შესახებ, თუნდაც ჩაწერასთან თუ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ასევე, იქ არის ასევე საუბარი ისეთ ფაქტებზე, რაც მის წინააღმდეგ მეტყველებს ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე, ამიტომ, არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იქნება, რამდენად ექნება სურვილი მას ჩვენთან თანამშრომლობის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მირზა სუბელიანს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ხვდებიან.
ცნობისთვის, მირზა სუბელიანის სკანდალური აუდიოჩანაწერი გუშინ, P.S.-ის ეთერში გავიდა. ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი. სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს უმძიმესი კომპრომატები, მათ შორის, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები