თავდაცვის უწყება: თავდაცვის მინისტრის ყველა შემოსავალი არის დეკლარირებული და საჯარო

თავდაცვის მინისტრის ყველა შემოსავალი არის დეკლარირებული და საჯარო,- ასე პასუხობს თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთ მედიასაშუალებაში მინისტრ ლევან იზორიას ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც უწყებაში განმარტავენ, თავდაცვის მინისტრმა კერძო სახლის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი, საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებამდე შეიძინა პირადი დანაზოგით, რომელიც გერმანიაში მუშაობისა და აკადემიური საქმიანობის დროს დააგროვა.
“რაც შეეხება ქონებას, რომელსაც ლევან იზორიას ოჯახი ფლობს, მოგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა კერძო სახლის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი, საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებამდე შეიძინა პირადი დანაზოგით, რომელიც გერმანიაში მუშაობისა და აკადემიური საქმიანობის დროს დააგროვა.
ასევე, დანაზოგებით, აკადემიური საქმიანობითა და შემდეგ უკვე საჯარო სამსახურში მიღებული შრომის ანაზღაურებით, თავდაცვის მინისტრმა დაასრულა სახლის მშენებლობა.
მოგვიანებით, ლევან იზორიამ კერძო სახლი გააქირავა, რამაც მისი ოჯახის შემოსავალი დამატებით გაზარდა. სწორედ ქირის შემოსავლით, სახელფასო ანაზღაურებითა და „საქართველოს ბანკის“ საბანკო სესხით (145,300 აშშ დოლარი) შეიძინა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ააშენა.
რაც შეეხება სახლს, რომელიც ვერ მოხვდა დეკლარაციაში, ამის მიზეზია ის, რომ ამ დრომდე მიმდინარეობდა მშენებლობა, რომელიც დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 2018 წლის 14 სექტემბერს. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია დეკლარირებული იქნება კანონის თანახმად მომდევნო დეკლარაციაში.
დამატებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს იხილოს თავდაცვის მინისტრის დეკლარაცია, სადაც ყველა შემოსავალი თუ ხარჯი არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები