თეა წულუკიანი: ჩვენ ვერ ვიქნებით სახელმწიფო, რომელიც თავის ბავშვებს უცხო ქვეყნის ციხეში მიატოვებს

„ჩვენ ვერ ვიქნებით სახელმწიფო, რომელიც თავის ბავშვებს უცხო ქვეყნის ციხეში მიატოვებს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა და ფასდაუდებელი უწოდა იმ ძალისხმევას, რომელიც ერაყის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, გრიგოლ ტაბატაძის, საერთაშორისო ორგანიზაციების UNICEF-ისა და ICRC-ის ერაყის ოფისების მიერ იქნა გაწეული.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სამ მოქალაქეს – 6, 5 და 2 წლის ბავშვებს ერაყის ციხიდან საქართველოში დააბრუნებენ და მათ აღსაზრდელად ბებია-ბაბუას გადასცემენ.
საქართველოს 25 წლის მოქალაქის, შ.ს-ს ტრაგიკული ისტორიის შესახებ იუსტიციის მინისტრისთვის ერაყში საქართველოს ელჩის, გია ტაბატაძისგან ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. ერაყის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1993 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე შ. ს-ს მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა, ერაყის რესპუბლიკაში ბრძოლებში დაღუპული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ტერორიზმში ბრალდებული პირის მეუღლის სტატუსის გამო. ტერორიზმში ბრალდებული პირი გარდაცვლილია, ხოლო ადგილობრივი კანონების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ბრალი მეუღლის სტატუსის ქონის გარდა, სხვა არაფერში ედება, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. მისი სამი შვილი ამ დრომდე ერაყის ციხეში იზრდებოდა.
2018 წლის მაისში, თეა წულუკიანის ვიზიტის დროს, საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები შეთანხმდნენ ბავშვების საქართველოში გადმოყვანასთან დაკავშირებით, ხოლო მომდევნო ეტაპზე, საქართველოს მოქალაქის, შ.ს.-ს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის პერსპექტივაზე ერთობლივად მუშაობის შესახებ.
ბავშვების საქართველოში დაბრუნების ჰუმანიტარული მისიის შესასრულებლად, შეიქმნა სპეციალური სამუშაო უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი და რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტო.
2018 წლის 13 ოქტომბერს, სამი არასრულწლოვანი დაბრუნდა. ერაყში დოკუმენტების მომზადების, ბაბუისა და სოციალური მუშაკების ერაყის რესპუბლიკაში ვიზიტის, ერაყის სასამართლოს მიერ ბავშვეთან დაკავშირებით დადგენილი ჯარიმის სახსრები საქართველო მთავრობამ გაიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები