თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტის მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება დასრულდა

თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტზე მიმდინარე ინვესტორის შერჩევის მეორე ეტაპზე, “მოკლე სიაში” შესული კანდიდატებიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადი მხოლოდ ჩინურმა კომპანია China Construction Seventh Engineering Division Corp. LD.-მა შეიტანა. ამის შესახებ, 10 ოქტომბერს, სამინისტროში გამართულ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც დალუქულ პაკეტში წარმოდგენილი განაცხადი გაიხსნა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, განაცხადი თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამართლებრივ, ტექნიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ წინადადებებს მოიცავს. უახლოეს მომავალში, შესაბამისი სამუშაო ჯგუფი განაცხადს შეისწავლის, რის შემდეგაც, კომისია გამარჯვებულს გამოავლენს.
თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტზე მიმდინარე ინვესტორის შერჩევის მეორე ეტაპის ფარგლებში “მოკლე სიაში” შესული კანდიდატების მიერ წინადადებების წარდგენის ვადა 8 ოქტომბერს ამოიწურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები