ყიფიანი ფარცხალაძესთან სატელეფონო საუბრებზე განმარტებას აკეთებს – “ბანკში ყოფნისას მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეებთან კომუნიკაცია არ მქონია”

„ბანკში ყოფნისას მე მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეებთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ მქონია“, – ამის შესახებ სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა.

„ბანკში ყოფნისას მე მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეებთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ მქონია. მედიაში გასულ ინფორმაციას, რომ მე საუბრები თითქოს მქონდა გიორგი გახარიასთან არ ვადასატურებ; რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, როგორც აღვნიშნე, მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ოთართან და იმ დღესაც ბანკში მისვლამდე და ბანკში ყოფნის პერიოდში, არაერთი საუბარი მქონდა მასთან. ვინაიდან ვიცოდი, რომ ოთარი იყო ბიზნესით დაკავებული და საბანკო სექტორში ჰყავდა ბევრი ნაცნობი, მას ვთხოვდი რომ დაგვხმარებოდა სს „თიბისი ბანკიდან“ თანხის გამოტანაში. დახმარება შეიძლება დაგვჭირვებოდა იმ ფაქტის გამო, რომ საკმაოდ გვიან დაახლოებით 17:30 საათისთვის მოგვიწია ბანკში მისვლა და შესაძლოა ბანკს საუშაო საათებში ვერ მოგვესწრო თანხის განაღდება და სწორედ ამ საკითხში მინდოდა ოთარის დახმარება. ოთარი დაინტერესდა რომელ ფილიალში ვიმყოფებოდი, რა ოდენობის თანხაზე იყო საუბარი, ფიზიკური პირის თუ კომპანიის ანგარიშზე იყო თანხა ჩარიცხული, ამ მიზნით ჩვენს შორის შედგა რამოდენიმე სატელეფონო საუბარი, თუმცა ბოლოს თიბისი ბანკის მხრიდან არ შეიქმნა არანაირი პრობლემა და შესაბამისად ოთარის დახმარება არ გახდა საჭირო, რის შესახებაც შევატყობინე კიდეც მას. შესაბამისად არც ოთარ ფარცხალაძე და არც სხვა რომელიმე ამ თანხის განაღდებაში არ დაგვხმარებია, რადგან როგორც აღვნიშნე დახმარება არც იყო საჭირო, ბანკმა გამოთქვა მზაობა, რომ მოეხდინა ანგარიშზე არსებული თანხის გაცემა ჩვენთვის“,-აღნიშნულია ლევან ყიფიანის ჩვენებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ლევან ყიფიანის ჩვენება დღეს გაასაჯაროვა.
ცნობისთვის, ყოფილი მაღალჩინოსანი მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გუშინ კიდევ ერთხელ გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები