“ვალის რესტრუქტურიზაციაზე ივანიშვილთან საუბარი არ ყოფილა, გადავადებასთან დაკავშირებით ქუმსიშვილთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას”

სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის განცხადებით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა ზაზა ოქუაშვილის თხოვნის საფუძველზე შედგა.

ამის შესახებ ყიფიანი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს.
ყიფიანის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ზოგადად, ქართულ წარმოებას და იმ პრობლემებს, რაც ქართულ თამბაქოს გააჩნდა.
„რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მასთან შეხვედრა მოხდა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით, ეს იყო წმინდად ბიზნესის ორი წარმომადგენლის შეხვედრა. საუბარი შეეხო ზოგადად ქართულ წარმოებას და იმ პრობლემებს, რაც ქართულ თამბაქოს გააჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველასთვის ცნობილია ბატონი ბიძინას დამოკიდებულება ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში ქართული წარმოების მიმართ, ზაზა ოქუაშვილი სწორედ ამ მიზნით იყო ბატონ ბიძინასთან მისული, მან გააცნო საკუთარი ხედვა ქართული თამბაქოს წარმოების განვითარების შესახებ. კერძოდ, იდეა შეეხებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქართული თამბაქოს გაშენებას და ზოგადად ამ დარგის აღორძინებას, რაც საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვდა, რაზეც ბატონმა ბიძინამ აღუთქვა დახმარება. კერძოდ, განუმარტა, რომ ზაზა ოქუაშვილს შეედგინა საკუთარი გეგმა და ხედვა გაეწერა, როგორ ესახებოდა ქართული თამბაქოს განვითარება, რაც თავის მხრივ, შექმნიდა დამატებით სამუშაო ადგილებს და ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას, დახმარებოდა ზაზა ოქუაშვილს. აღნიშნულ საკითხზე და საერთო ბიზნესის განვითარებაზე იყო კიდეც საუბრები და ფაქტობრივად ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას, დაგვხმარებოდა აღნიშნულ ბიზნესში. ამავე შეხვედრაზე განხილული იქნა ის პრობლემები, რაც ჰქონდა ქართულ წარმოებას. იგი ვერ უწევდა უცხოურს კონკურენციას, იყო დემპიგური ფასები. ასევე, თუ სწორად მახსოვს საუბარი იყო, რაღაც კრედიტთან დაკავშირებით. ცხადია, მე მქონდა პირადი დაინტერესებაც, რადგან ამ ბიზნესის განვითარების შემთხვევაში მე ვხდებოდი აღნიშნული ბიზნესის მოწილე, შესაბამისად ამ პროექტის განვითარებისათვის არაერთხელ შევხვდი ბატონ ბიძინას პირადად“, -აცხადებს ყიფიანი.
გამომძიებლის კითხვაზე – აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო თუ არა შპს „ოჯთ“-სთვის დავალიანების რესტრუქტურიზაციას – ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე რესტრუქტურიზაციაზე და ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე საუბრები არ ყოფილა.
ყიფიანის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები იმჟამინდელ ფინანსთა მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან მიმდინარეობდა.
“აღნიშნულ შეხვედრაზე რესტრუქტურიზაციაზე და ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე საუბრები არ ყოფილა, ვინაიდან შპს ,,ოჯთ“-ს საგადასახადო დავალიანება, როგორც მახსოვს, იყო ხუთი თუ ექვს მილიონამდე და მის გადავადებასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რომელიც ძალიან დაგვეხმარა და ერთხელ უკვე განგვიახლა შეჩერებული აქციზების გაცემა. ამავდროულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ გადაავადა აღსრულების პროცესი და ხელს გვიწყობდა, რომ არ მომხდარიყო კომპანიის საქმიანობის შეფერხება და ხალხი უმუშევრად არ დარჩენილიყო. მე მსგავსი ხასიათის შეხვედრა დავაორგანიზე, ასევე, იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, რომელმაც, ასევე, გამოთქვა მზაობა, რომ ყველანაირად დაგვეხმარებოდა, რომ ქართული წარმოება არ შეჩერებულიყო, მოხდებოდა რესტრუქტურიზაცია, იმ პირობით, რომ ომეგა ჯგუფი დავალიანების დაფარვის პროცესს დაიწყებდა, ამავდროულად, ამ შეხვედრებზე ზაზა ოქუაშვილი აღნიშნავდა, რომ მისი მხრიდან მომდევნო წლებში მოხდებოდა წარმოების გაზრდა და პირობას დებდა, რომ დასაქმებულთა რიცხვი გასამმაგდებოდა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 11-ჯერ მოახდინა გადავადება და თანხა მაინც არ იქნა ომეგას მიერ გადახდილი, ამავდროულად, ის იდეა, რაზეც ზემოთ აღვნიშნე, რომ მომხდარიყო ბატონ ბიძინას მხარდაჭერით საერთო ბიზნესის წარმოება არ განხორციელდა, მე დავტოვე ომეგა ჯგუფი და გარკვეული პერიოდი აღარ დავდიოდი ოფისში და წამოსული ვიყავი კომპანიიდან. მართალია, შრომითი ხელშეკრულება ჩვენს შორის არ გაუქმებულა, თუმცა, ფაქტობრივად, მე წამოსული ვიყავი სამსახურიდან“, -აცხადებს ლევან ყიფიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები