ლევან ყიფიანი: ზაზას ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ მას ჩანაწერების ინსცენირებაში ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა

„ზაზას ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ მას ჩანაწერების ინსცენირებაში ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა“, – ამის შესახებ ნათქვამია ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმში, რომელიც დღეს პროკურატურამ საზოგადოებრივი დიდი ინტერესის გათვალისწინებით გამოაქვეყნა.
საქმე ეხება 2018 წლის 9 ოქტომბერს, მედიაში გამოქვეყნებულ აუდიჩანაწერებს.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმ დროისათვის ლევან ყიფიანისთვის უცნობი იყო თუ როგორ ეხმარებოდა ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს.

როგორც ლევან ყიფიანი გამოკითხვის ოქმში აღნიშნავს, ბიზნესმენების შეხვედრა ეხებოდა საქართველოში თამბაქოს აღორძინების საკითხს.
მისივე ინფორმაციით, ძვირადღირებული პროექტი, დაახლოებით 20 000 000 აშშ დოლარს უტოლდებოდა.

აღნიშნული იდეის შესახებ, ზაზა ოქუაშვილმა ლევამ ყიფიანს ყოფილ პრემიერმინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა.

მისივე ინფორმაციით, თამბაქოს აღორძინების იდეის განსახორციელებლად ერთ-ერთი პარტნიორი ვანო ჩხარტიშვილი უნდა ყოფილიყო.
როგორც გამოკითხვის ოქმშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილმა თამბაქოს აღორძინების იდეა მოიწონა, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის თქმით, პროექტს პერსპექტივა ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი სიგარეტის მწარმოებელი ორივე კომპანია ჩაერთვებოდა ამ ბიზნესში.
გამოკითხვის ოქმის თანახმად, პროექტის მიხედვით ვანო ჩხარტიშვილს და ზაზა ოქუაშვილს ბიზნესში 20-20%-ის ინვესტიცია უნდა ჩაედოთ, ხოლო დანარჩენ თანხას მთლიანად ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა.
„ჩემთვის უცნობია რამდენად რეალურია ჩანაწერში ნათქვამი ფაქტები, თუმცა ზაზას ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა მას ინსცენირებაში, თუმცა რა სახით აღნიშნული ჩემთვის არ დაუკონკრეტებია და არც მე ჩავძიებივარ. რაც შეეხება უშუალოდ მათ ურთიერთობას როგორც ზემოთ მოგახსენეთ არსებობდა ქართული თამბაქოს აღორძინების იდეა, რომლის ფარგლებში ვანო ჩხარტიშვილიც უნდა შემოსულიყო პარტნიორად. კერძოდ, ბიზნეის იდეა ქართული თამბაქოს გაშენებასა და შემდგომ თუთუნის წარმოებაში მდგომარეობდა. იმ პერიოდისათვის კომპანიები, რომლებიც ოპერირებდნენ ქართული თამბაქოს წარმოების ბიზნესში ახდენდნენ შედარებით დაბალი ხარისხის თამბაქოს წარმოებას, რომელიც გათვლილი იყო საქართველოში მცხოვრებ დაბალბიუჯეტიან ფენაზე. ბიზნეს იდეის არსი კი მდგომარეობდა შემდეგში, საკმაოდ დიდ ფართობზე უნდა მომხდარიყო თამბაქოს პლანტაციების გაშენება, რომლისგანაც უნდა გვეწარმოებინა, ქართული თუთუნის ბაზაზე წარმოებული მაღალი ხარისხის სიგარეტი და სიგარები, რომელიც გავიდოდა ექსპორტზე. ეს იყო საკმაოდ ძვირიანი პროექტი, ჯდებოდა დაახლოებით 20 000 000 აშშ დოლარამდე, რის გამოც გადავწყვიტეთ დახმარება გვეთხოვა ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვის, რომელსაც მოვუყევი ამ ბიზნეს იდეის შესახებ, რომელიც მოიწონა და აღმითქვა დახმარება. თუმცა ვინაიდან ბიზნესი ეხებოდა ქართული წარმოების განვითარებას და უკვე ამ სფეროში, კერძოდ, ქართული თამბაქოს სფეროში ოპერირებდა ზაზა ოქუაშვილი და ივანე ჩხარტიშვილი, ბატონი ბიძინას თქმით, პროექტს პერსპექტივა ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი სიგარეტის მწარმოებელი ორივე კომპანია ჩაერთვებოდა ამ ბიზნესში. პროექტის მიხედვით ვანო და ზაზა ბიზნესში შემოდიოდნენ 20-20%-ით და მათი ინვესტიცია უნდა ყოფილიყო 2-2 მილიონ აშშ დოლარამდე, ხოლო დანარჩენ თანხას მთლიანად აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი“, – აღნიშნულია ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები