„თრილერი სარდაფთან დაკავშირებით სისულელეა, არასდროს მქონია კონფლიქტი ოთარ ფარცხალაძესთან“

„თრილერი სარდაფთან დაკავშირებით სისულელეა, მე არასდროს მქონია კონფლიქტი ოთარ ფარცხალაძესთან“, – ამის შესახებ სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელს, პაპუნა კერესელიძეს გამოკითხვის დროს განუცხადა.
„რაც შეეხება ჩემი და ოთარ ფარცხალაძის კონფლიქტს და მერე ამაზე მიბმულ თრილერს სარდაფთან დაკავშირებით, ეს სრული სისულელეა, ოთართან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და არანაირი კონფლიქტი, მით უმეტეს სერიოზული, არასდროს მქონია მასთან“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
პაპუნა კერესელიძის კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: მოწმეთა განმარტებით, 2016 წელს თქვენ ოფისში მისვლისას განაცხადეთ, რომ ოთარ ფარცხალაძე მისივე ოფისის სარდაფში ფიზიკურად გაგისწორდათ და გემუქრებოდათ გაუპატიურებით, ასევე თქვენ სახეზე თითქოსდა გეტყობოდათ ფიზიკური ძალადობის კვალი, რამდენად შეესაბამება აღნიშნული რეალობას და თუ მიმართეთ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას?

ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ოთარ ფარცხლაძესთან საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა აქვს.
„აღნიშნული არანაირად არ შეესაბამება რეალობას, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად მე მსგავსი საუბრები არავისთან არ მქონია. ოთარ ფარცხალაძესთან მაქვს საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა და მე მასთან არანაირი სახის კონფლიქტი არ მქონია. ჩანაწერი, სადაც მე ვსაუბრობ ავარიაზე, ხოლო ზაზა ოქუაშვილი აკონკრეტებს და საუბრობს ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, როგორც აღვნიშნე არის ინსცენირება და დადგმულია ზაზა ოქუაშვილის ინიციატივით. მისი თქმით, უცხოელი პარტნიორებისათვის გაცილებით დამაჯერებელი იქნებოდა თუკი ჩანაწერში ვისაუბრებდით ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და შეურაცხყოფაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არანაირ კონფლიქტს, ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობას/მუქარას ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, არც მისი ოფისის სარდაფში არ ვარ ნამყოფი და ისიც არ ვიცი აქვს თუ არა საერთოდ სარდაფი. შესაბამისად არანაირი სამედიცინო დაწესებულებისათვის მე არ მიმიმართავს“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ლევან ყიფიანის ჩვენება დღეს გაასაჯაროვა.
ცნობისთვის, ყოფილი მაღალჩინოსანი მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გუშინ კიდევ ერთხელ გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები