ლევან ყიფიანი: ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით მოხდა

„ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით მოხდა“, – ამის შესახებ ნათქვამია ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმში, რომელიც დღეს პროკურატურამ საზოგადოებრივი დიდი ინტერესის გათვალისწინებით გამოაქვეყნა.
საქმე ეხება 2018 წლის 9 ოქტომბერს, მედიაში გამოქვეყნებულ აუდიჩანაწერებს.
როგორც ლევან ყიფიანი გამოკითხვისას აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის შეხვედრა იყო, ბიზნესის ორი წარმომადგენლის პირისპირ საქმიამი შეხვედრა.
საგამოძიებო მასალების თანახმად, ლევან ყიფიანი გამოკითხვისას აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა და ზაზა ოქუაშვილმა ზოგადად ქართულ წარმოებაზე და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ქართულ თამბაქოს გააჩნდა.
ასევე ირკვევა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ზაზა ოქუაშვილს დახმარება აღუთქვა.
„რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მასთან შეხვედრა მოხდა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით, ეს იყო წმინდად ბიზნესის ორი წარმომადგენლის შეხვედრა. საუბარი შეეხო ზოგადად ქართულ წარმოებას და იმ პრობლემებს, რაც ქართულ თამბაქოს გააჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველასთვის ცნობილია ბატონი ბიძინას დამოკიდებულება ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში ქართული წარმოების მიმართ, ზაზა ოქუაშვილი სწორედ ამ მიზნით იყო ბატონ ბიძინასთან მისული, მან გააცნო საკუთარი ხედვა ქართული თამბაქოს წარმოების განვითარების შესახებ. კერძოდ, იდეა შეეხებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქართული თამბაქოს გაშენებას და ზოგადად ამ დარგის აღორძინებას, რაც საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვდა, რაზეც ბატონმა ბიძინამ აღუთქვა დახმარება. კერძოდ, განუმარტა, რომ ზაზა ოქუაშვილს შეედგინა საკუთარი გეგმა და ხედვა გაეწერა როგორ ესახებოდა ქართული თამბაქოს განვითარება, რაც თავის მხრივ შექმნიდა დამატებით სამუშაო ადგილებს და ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას დახმარებოდა ზაზა ოქუაშვილს. აღნიშნულ საკითხზე და საერთო ბიზნესის განვითარებაზე იყო კიდეც საუბრები და ფაქტობრივად ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას დაგვხმარებოდა აღნიშნულ ბიზნესში. ამავე შეხვედრაზე განხილული იქნა ის პრობლემები, რაც ჰქონდა ქართულ წარმოებას. იგი ვერ უწევდა უცხოურს კონკურენციას, იყო დემპიგური ფასები. ასევე თუ სწორად მახსოვს საუბარი იყო რაღაც კრედიტთან დაკავშირებით. ცხადია მე მქონდა პირადი დაინტერესებაც, რადგან ამ ბიზნესის განვითარების შემთხვევაში მე ვხდებოდი აღნიშნული ბიზნესის მოწილე, შესაბამისად ამ პროექტის განვითარებისათვის არაერთხელ შევხვდი ბატონ ბიძინას პარადად“, – ნათქვამია ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები