ამ დრომდე უცნობია რაზე ისაუბრა პროკურატურაში ლევან ყიფიანმა
თბილისის პროკურატურაში 6-საათიანი დაკითხვის შემდეგ “ომეგა ჯგუფის” საქმის ფიგურანტი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი მედიასთან ჯერჯერობით დუმს. ყიფიანის მიერ გუშინ დაანონსებული პრესკონფერენცია ამ დრომდე არ ჩანიშნულა, შესაბამისად კვლავ უცნობი რჩება რა კითხვები ჰქონდა მასთან გამოძიებას და რაზე ისაუბრა ყიფიანმა.
როგორც “კვირას” ლევან ყიფიანის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, პრესკონფერენცია, სავარაუდოდ, უახლოესი დღეების განმავლობაში ვერ შედგება, რადგან, ამჟამად, ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ სარჩელი მომზადებაზე მიმდინარეობს მუშაობა.
“პრესკონფერენცია გადაიდო და რატომ – ჩვენ ოქუაშვილის წინააღმდეგ ვამზადებთ სარჩელს პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაზე, მზადდება მეორე საჩივარი ასევე ოქუაშვილის წინააღმდეგ. შესაბამისად გადაწყდა, რომ დაახლოებით 2-3 დღეში გავამზადებთ და შევიტანთ ამ სარჩელს და მერე ჩავატარებთ პრესკონფერენციას“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
რაც შეეხება გუშინდელ გამოკითხვას და იმას თუ რა მიმართულებით დაისვა კითხვები პროკურატურის მხრიდან,
ყიფიანის ინტერესების დამცველი შემდეგნაირად პასუხობს.
„დამაზუსტებელი კითხვები იყო, იმ ორ ჩვენებასთან დაკავშირებით რაც მან მანამდე მისცა. მეტი არაფერი უბრალოდ დიდხანს გაგრძელდა გამოკითხვა და სულ ვწუწუნებთ ადვოკატები, რომ 2- გვერდიანი ჩვენების გამო იქ საათობით ვსხედვართ, ყველა საქმეზე ასეა რა…“, -აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
ამასთან, ადვოკატი არ აკონკრეტებს, რა კითხვები დაუსვეს პროკურატურაში გამომძიებლებმა ლევან ყიფიანს და რაზე ისაუბრა მან.
„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თბილისის პროკურატურაში ლევან ყიფიანი გუშინ დამატებით გამოკითხვაზე გამოიძახეს.