ეკა ბესელიამ სტრასბურგში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სტრასბურგში იმყოფება. ქართველმა პარლამენტარმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში.
სხდომაზე განხილული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე მომზადებული მე-10 ანგარიში.
როგორც ეკა ბესელიამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ წარდგენილ საჩივართა მკვეთრი კლების ტენდენცია დაფიქსირდა და ასევე, მკვეთრად შემცირდა საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზე საქართველოს მთავრობას შეპასუხება ეთხოვა.
„ამ მონაცემის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა საქმეების სიმცირის მიხედვით“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად და გასაძლიერებლად.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მიერ დამკვიდრებული სტანდარტების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის, როგორიც საქართველოა. ამიტომაც, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ეკა ბესელიამ, ასევე, მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს, რომლის პროექტის ფარგლებში, ბატონ მანჩინის ხელმძღვანელობით, 2014-16 წლებში ახალ ცვლილებებზე იმუშავა და ის საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას ეხებოდა.
„2016 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ჩემი ინიციატივა და დღეს რეგლამენტში გვაქვს ახალი თავი, რომელიც ეხება საპარლამენტო კონტროლს, თუ როგორ სრულდება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები. ეს ძლიერი მექანიზმია და მას წარმატებით ვიყენებთ. ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არჩეული ვარ მეორე ვადით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ და ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები