ლონდა თოლორაია: 9 თვის მონაცემებით, 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გვაქვს გამოცემული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა საჯარო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის 9-თვიანი მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
„დღევანდელ შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება ანგარიში დეპარტამენტის მუშაობის შესახებ. ანგარიშში საუბარია მონიტორინგის შედეგებზე, თუ რა შედეგებია მონიტორინგის შედეგად მიღწეული. ვისაუბრებთ სტატისტიკურ მონაცემებზე, კერძოდ, რამდენად არის გაზრდილი ქალთა მიერ მომართვიანობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე. ასევე, გაზრდილია მომართვიანობა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზეც.
საუბარი იქნება განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მოკლე დროში დავნერგეთ რისკის შეფასების ინსტრუმენტი, მოძალადის მონიტორინგის მექანიზმები. ასევე, საუბარი გვექნება იმ სახელმძღვანელოებსა და დოკუმენტებზე, რომლებიც შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. წარმოვადგენთ სამომავლო გეგმებსაც, თუ რას აპირებს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი უახლოეს მომავალში და წლის ბოლომდე. ოჯახურ დანაშაულებზე და ქალთა მიერ მომართვიანობა ნამდვილად გაზრდილია. 2017 წლის მონაცემებით, 4 ათასზე მეტმა მომართა სამართალდამცავ ორგანოს. 9 თვის მონაცემებით კი – გამოცემული გვაქვს 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი“,- აღნიშნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც რისკის შეფასების ინსტრუმენტი დაინერგა, შსს-ს სისტემაში გამოცემულია ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი, რაც იმას ნიშნავს, რომ რისკის შეფასების ინსტრუმენტი ძალიან ეფექტიანად მუშაობს.
ამასთანავე, თოლორაიას განცხადებით, მონიტორინგის პროცესში გამოვლინდნენ მოძალადეები, რაც იმას ნიშნავს, რომ მონიტორინგის ახალი მექანიზმიც მსხვერპლთა დაცვის მიზნით ეფექტიანად მუშაობს.
„ჩვენთვის უმთავრესი გამოწვევაა ელექტროსამაჯურების დანერგვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება, დაინერგოს ელექტროსამაჯურები. გავაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიებს. ასევე გაგრძელდება ოჯახში ძალადობის კუთხით გამომძიებლების სპეციალიზაციის პროცესი, რათა ყველა დანაყოფში გვყავდეს სპეციალიზებული ადამიანი, რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა თოლორაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები