თამარ ხულორდავა: შავი ზღვის არეალი არის უნიკალური და ბევრ შესაძლებლობას იძლევა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა. როგორც მან განაცხადა, რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელსაც თავისი გავლენის სფეროები აქვს.
„მოხარული ვარ, რომ ეს იდეა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიბადა, რეალიზებულია და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ სამმხრივ დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს, რომელთა შორის არის უსაფრთხოების საკითხები. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არ არის რეგიონი, მათ შორის, არც გეოგრაფიულად და მით უმეტეს, რომ არაფერი ვთქვათ კულტურაზეო. მისწრაფებებიც სხვადასხვა არის რეგიონში. უკრაინა, მოლდავეთი და საქართველო მიდიან ევროპისკენ მიმავალ გზაზე, გვყავს ასევე ნატო-ს წევრები და ევროკავშირის წევრები, რომლებიც ზოგადად, შავი ზღვის მონაწილეები არიან, მაგრამ ჩვენ ასევე გვყავს სპილო ოთახში, რომელსაც ვერაფრით ააცილებ თვალს.
ვფიქრობ, ის, რომ შავი ზღვა მოიცავს რუსეთს, ხელს უშლის ევროკავშირს, შავი ზღვის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში. ევროკავშირის საზღვრებიც მოვიდა ჩვენამდე, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ ვეღარავინ გაიგო, რა მოუხერხოს იმას, რომ რუსეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე და მას აქვს თავისი გავლენის სფეროები, რომლის დათმობაც არ სურს. მისი სტრატეგია არის, რომ მოახდინოს ამ რეგიონის დესტაბილიზაცია და შეინარჩუნოს პრობლემები. რუსეთს სურს, პრობლემური სტატუს კვო შეინარჩუნოს, რადგან ეს მას ხელს აძლევს “, – განაცხადა ხულორდავამ.
მისივე თქმით, სწორედ საქართველო, უკრაინა და თავად რუსეთი არიან დაზიანებული იმ პრობლემებით, რომელსაც რუსეთი ქმნის.
„2008 წელს მოხდა ჩვენთან ომი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მსოფლიოს გაეგო, რა პრობლემას წარმოადგენდა რუსეთი ცივილიზებული მსოფლიოსთვის. ამის შემდეგ მოხდა ყირიმის ანექსია, რომელიც კიდევ უფრო მეტი მიზეზი იყო გამოფხიზლებისთვის. მაშინ მსოფლიომ მეტ-ნაკლებად გაიაზრა, რომ მეტი სერიოზულობით უნდა შეეხედა ამ პრობლემისთვის. მოლდავეთიც არის დაზიანებული კონფლიქტის გამო. ეს ყველაფერი არის რუსეთის სურვილი. კონფლიქტების მუდმივი გაცოცხლებით, პოლიტიკური ფსონი იზრდება ევროკავშირისა და ნატო-სთვის, რომ ამ საკითხებში ჩაერთონ. ეს არის რუსეთის ინტერესი, ხოლო ჩვენი ინტერესია, გავაერთიანოთ ძალები, რადგან შავი ზღვის არეალი არის უნიკალური და იძლევა ბევრ შესაძლებლობას. ჩვენ უნდა დავიწყოთ მეტი ფიქრი, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ, როგორც რეგიონმა“, – აღნიშნა ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები