„ძაღლები სამიზნეებად არიან გამოყენებული, ტყვიებს ესვრიან“ – უფლებადამცველები ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე საუბრობენ

ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა საქართველოში არასათანადოდ ისჯება; კანონი ცხოველთა უფლებებს ვერ იცავს, – ამის შესახებ ცხოველთა უფლებების დამცველებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ თავმჯდომარემ, თეიმურაზ წიქორიძემ და ორგანიზაციის წევრმა, ტასო ლოსაბერიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
როგორც თეიმურაზ წიქორიძემ განაცხადა, ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობაზე კანონი უნდა გამკაცრდეს და აღნიშნული დანაშაული მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში უნდა შევიდეს. მისივე თქმით, ორგანიზაციამ საკანონმდებლო წინადადებაზე იმუშავა, რომელიც პარლამენტში უნდა წარადგინონ.
თეიმურაზ წიქორიძის თქმით, საქართველო არ არის მიერთებული ცხოველთა უფლებების უზრუნველმყოფ საერთაშორისო კონვენციებსა და სხვა აქტებს. ცხოველთა დაცვის სფეროში არ არსებობს კანონები, თუ არ ჩავთვლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლს. როგორც წიქორიძემ აღნიშმნა, ეს მუხლი ე.წ. „მკვდარი“ მუხლია და მიუხედავად ცხოველთა მიმართ სისასტიკის მასობრივი ხასიათისა, მისი გამოყენება არ ხდება.
„ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შემთხვევები ძალიან ბევრია, საქართველოში თითქმის ყოველდღიურად ზიანდება ცხოველი, განსაკუთრებული წამების ფორმებიც არის, მაგრამ საქმის აღძვრა არ ხერხდება, რადგან სამართლადამცავ ორგანოებს არ მიმართავენ.
დაახლოებით ერთი წლის წინ მოვიპოვეთ მტკიცებულებები ქუთაისში პიტბულების ჩხუბებთან დაკავშირებით. ჯგუფი იყო, რომელიც პიტბულებს აჩხუბებდა, ვიდეოები გვქონდა, მივმართეთ შსს-ს, მივეცით ჩვენებები, სამართლებრივი შედეგი არ დადგა.
ჩვენს ორგანიზაციას ტრავმირებული ძაღლების თავშესაფარი აქვს, ხშირია ძაღლების მექანიკური დაზიანებები, მანქანით დარტყმები, 12 სამფეხა ძაღლი გვყავს, ძაღლების ნახევარზე მეტი ტყვიებითაა გაჭედილი, რენტგენზე ჩანს, ორი ძაღლი გვყავს ხეიბარი, უკანა ფეხებზე ვერ დგებიან, ორივეს ხერხემალში ტყვიები აქვს გაჭედილი, ისინი ვერასდროს დადგებიან ფეხზე. სამიზნეებად არიან გამოყენებული, ერთობიან თოფით, კისტის ტყვიებს ესვრიან, ძირითადად საფანტს, ცეცხლსასროლ იარაღებს იყენებენ“, – განაცხადა წიქორიძემ.
ცხოველთა უფლებების დამცველები გამოეხმაურნენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, ცხოველების წამებისთვის კანონი მკაცრდება და ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა, შესაძლოა, ერთწლიანი პატიმრობით დაისაჯოს.
​როგორც წიქორიძემ და ლოსაბერიძემ აღნიშნეს, ეს ცხოველთა უფლებების დასაცავად საკმარისი არაა.
„ჩვენი ორგანიზაცია ერთი წელია მუშაობს კანონის გამკაცრებაზე. გავეცანით ევროპისა და აშშ-ის ბევრი შტატის კანონმდებლობას სისხლის სამართლის კუთხით და შევადგინეთ საკანონმდებლო წინადადება კანონპროექტის სახით. ეს არ იქნება ერთი მუხლი, კოდექსში იქნება ერთი თავი დანაშაული ცხოველთა სამყაროს წინააღმდეგ და ამ თავში იქნება 20-მდე მუხლი, სხვადასხვა ფორმებით. როგორიცაა ცხოველისადმი განზრახ მკვლელობა, ცხოველზე ძალადობა, მსხვერპლშეწირვა რიტუალური მიზნით. ჩვენი წინადადებით, ამ კანონში დანაშაული მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადის. არის პრობლემა აღსრულებასთან დაკავშირებით. თუ არ იქნება ცხოველთა პოლიცია, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაშია, აღსრულება არ იქნება.
საქართველოში ცხოველებისადმი დამოკიდებულება ძალიან ცუდია, ცხოველი აღქმულია მისი გამოყენების მიხედვით, უყვართ ღორი და ცხვარი, რომ დაკლან და მისგან მწვადები მოამზადონ. როცა ბავშვს ოჯახში ზრდი შემდეგი სიტყვებით „მამაძაღლო“ , „ძაღლისშილო“, ეს უკვე ბავშვის ფსიქიკაზე სხვანაირად აისახება. არც ფიქრობენ, რას ამბობენ. ძაღლი ერთ-ერთი ცხოველია, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარულის გრძნობა აქვს. ჩვენთან საგანმანათლებლო პროგრამები არ არის, არც სკოლებში, არც საბავშვო ბაღებში. არცერთი ტელევიზია არ არის, რომელიც ცხოველებთან დაკავშირებული იქნება, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში რომ ნახოთ, ათიდან ერთი ტელევიზია მაინც არის ცხოველებთან დაკავშირებული. კომპლექსურად უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საგანმანათლებლო პროგრამებზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უნდა მოხდეს, ძლიერი და მკაცრი კანონია საჭირო.
არავინ წარმოიდგინოს, რომ მარტო ძაღლებსა და კატებზე ვსაუბრობთ, მძიმე მდგომარეობაში არიან გარეული ცხოველები. ბრაკონიერობას აქვს ცუდი ფესვები გადგმული. ნადირობამ დღეს სპორტული ხასიათი მიიღო. ადამიანი მიდის სანადიროდ იმისთვის, რომ სპორტული ჟინი აქვს, როგორ ესვრის ფრინველს, როგორ მოკლავს დათვს. 3-4 წლის წინ საქართველოში უკანონო მფლობელობაში 50 დათვი იყო, ყველა ბელი იყო, ყველას დედა მოკლული ჰყავდა“, – განაცხადა წიქორიძემ.
ტასო ლოსაბერიძის თქმით, არასათანადო პირობებია ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში. მან ივნისში თავშესაფრის ამსახველი რამდენიმე ვიდეო გაავრცელა. ტასო ლოსაბერიძის თქმით, ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ იმყოფებიან ერთსა და იმავე ვოლიერში მკვდარი და ცოცხალი ლეკვები.
„13 ივნისის მერე თავშესაფარი 1 კვირით ჩაიკეტა შიდა მოკვლევისთვის. 20-ში ბრძანება გამოიცა, შეზღუდვები დააწესეს. მე ვეღარ შევდივარ თავშესაფარში, როგორც არასრულწლოვანი, ასე ჩაწერეს რეგლამენტში. ასევე აიკრძალა ფოტო-ვიდეო გადაღება“, – განაცხადა ტასო ლოსაბერიძემ.
ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორი ზურაბ ლატარია თანამდებობიდან გადადგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა თავშესაფარში ცხოველების მდგომარეობის ამსახველი ვიდეომასალა.
როგორც “ნეტგაზეთს” ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვახტანგ ლომჯარიამ განუცხადა, ზურაბ ლატარიამ ამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო და სხვა სამსახურში გადაყვანა ითხოვა, რაც დაკმაყოფილდა. ის ოპერატიული რეაგირების განყოფილებაში გააგრძელებს მუშაობას უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
შეგახსენებთ, ცხოველების წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში, კანონმდებლობა გამკაცრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, 13 სექტემბერს განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უკვე მომზადდა. თბილისის მერის ცნობით, ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველების წამების შემთხვევაში, სასჯელი იქნება – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. ამასთან, არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მშობელს, ან კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება.
“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო, როგორც ცივი იარაღით, ასევე ე.წ. კისტის თოფითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები. სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა მინდა გადავუხადო, იმიტომ, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ და კანონი გამკაცრდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ .
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით, ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად/არაერთგზის/მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები