ერევანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საელჩოში გამართულ მიღებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუბენ რუბინიანი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრებმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძემ. შესრულდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ჰიმნები.
თინათინ რუხაძემ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრა.
„საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურული კავშირები ეს არ არის მხოლოდ სახელმძღვანელოების ნაწილი, ეს არის ძალიან რეალური ურთიერთთანამშრომლობა და რეალური ადამიანური ისტორიები. ჩვენ ვართ ორი მოძმე ქვეყანა, გვერდიგვერდ ვდგავართ ამ ურთიერთობების, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის სადარაჯოზე“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.
საღამო მუსიკალურად გააფორმეს ანსამბლმა „ფორტემ“, დავით მაზანაშვილის ბენდმა, მომღერლებმა არჩილ ნიჟარაძემ და დათო ხუჯაძემ.