ხაშურის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის განცხადებით, სახლში უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი ქალი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
„ამ ეტაპზე, არის მძიმე მდგომარეობა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გრძელდება კვლევები, რომლებიც შემოსვლისთანავე დაიწყო. ერთმნიშვნელოვანი პასუხი მას შემდეგ გვექნება, რაც ყველა კვლევის პასუხს მივიღებთ. საკვების სახით მიღებულ პროდუქტებზეც არის ეჭვი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. ზუსტად ვერ გეტყვით, როდის იქნება ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხები. საბოლოო ჯამში მათი პასუხები იქნება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. გამორიცხულია სხვადასხვა ორგანული პათოლოგიური, თუმცა ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე საეჭვო დიაგნოზი”,- აცხადებს კლინიკის დირექტორი.
ცნობისთვის, ხაშურში, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.