არჩილ გორდულაძე: კონკრეტული სტატუსი, ან ადამიანის მხრიდან თავის თავისთვის წოდება, რომ არის პოლიტიკოსი, ვერ გახდება ინდულგენცია
“კონკრეტული სტატუსი, ან ადამიანის მხრიდან თავის თავისთვის წოდება, რომ არის პოლიტიკოსი, ვერ გახდება ინდულგენცია. საერთოდ არ არის დამოკიდებული სისხლის სამართალი და სასამართლო იმაზე, კონკრეტულ ადამიანს მოსწონს თუ არა საქართველოს პროკურატურა,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ გორდულაძემ, იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით განაცხადა, რომლებიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდნენ.
მისივე თქმით, სუბიექტურ აღქმებზე არ არის დამოკიდებული, პასუხისმგებლობა დაუდგება თუ არა კონკრეტულ ადამიანს.
“ეს ადამიანები საუბრობენ, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია ლეგიტიმურად საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია და ამიტომ, გვაქვს უფლება, არ გამოვცხადდეთ და არ შევასრულოთ ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებაო. ეს იგივეა რომ, მაგალითად, მკვლელმა თქვას, პროკურატურას არ ვენდობი, ლეგიტიმურად არ მიმაჩნია და, ამიტომ, მკვლელობისთვის არ უნდა მოხდეს ჩემი დასჯაო. ამ მარაზმის და აბსოლუტური სისულელის ტირაჟირებას ახდენენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ გამოცხადდნენ კომისიაზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საგამოძიებო კომისია მიაჩნიათ არალეგიტიმურად,” – აცხადებს არჩილ გორდულაძე.