ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) და პროფესორმა ია მოსაშვილმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, დოქტორმა ია მოსაშვილმა უმაღლესი განათლების პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. აღნიშნული კონკურსის მიზანს წარმოადგენდა „ინოვაციური სწავლებისა და სწავლების ხელშეწყობა ევროპულ უმაღლეს განათლებაში“.
საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაზე KIU დასახელდა ინოვაციური სწავლების გამორჩეულ ლიდერად საქართველოში და გადაეცა ეროვნული ჯილდო, ხოლო პროფესორი ია მოსაშვილი დაჯილდოვდა საერთაშორისო კონკურსის კატეგორიაში „ინოვაციური სწავლება და სწავლა დიგიტალიზაციის მიმართულებით“, რომელსაც საფუძვლად დაედო მისივე პროექტი „ციფრული გზა განათლებასა და ინტერნაციონალიზაციაში (Digital Way in Education and Internationalization)“.
ია მოსაშვილმა ეს უნიკალური პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებთან ერთად განახორციელა, რომელიც ითვალისწინებდა ფილმებზე დაფუძნებულ სწავლებას, ასევე, ტექნოლოგიური და ინოვაციური კურსების ფარგლებში კრიტიკული აზროვნებისა და პრაქტიკული ანალიზის უნარების განვითარებას.
კონკურსის დაჯილდოების ცერემონია – Profformance Higher Education Teacher Award 2024-2025, ონლაინ ფორმატში 4 ივნისს გაიმართა, საზეიმო ღონისძიება კი 16 ოქტომბერს უნგრეთში ჩატარდება და მას ია მოსაშვილი ბუდაპეშტში დაესწრება.
“თანამედროვე სწავლების მეთოდების ინტეგრირების, ციფრული მიდგომების დანერგვისა და სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნისთვის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებულმა სწავლებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება სწავლებაში. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ამ შემთხვევაში სტუდენტებისთვის გაცილებით საინტერესო და გასაგები ხდება თეორიული მასალა, რომელიც რეალურ და ვიზუალურ მაგალითებთან არის კავშირში. ციფრული ინოვაციები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სწავლის პროცესი მეტად ინტერაქტიული, მოქნილი და მოტივაციაზე ორიენტირებული იყოს. ეს მეთოდი მკაფიოდ აჩვენებს, როგორ შეუძლია ტექნოლოგიას სწავლებაში საჭირო და პოზიტიური ცვლილებები შეიტანოს,” – განაცხადა პროფესორმა ია მოსაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
მისივე თქმით, ამ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობით, KIU კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას ხარისხიანი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული განათლების მიმართ.
ცნობისთვის, უმაღლესი განათლების პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო კონკურსში, საქართველოს გარდა მონაწილეობდნენ წარმომადგენლები ავსტრიიდან, ხორვატიიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან და სერბეთიდან. კონკურსში წარდგენილი იყო 161 საგანმანათლებლო პროექტი.