კახა კალაძე დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებზე: სამწუხაროდ, შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის მცდელობა დღესაც გრძელდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ცალკეული დიპლომატებისა და ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა დღესაც გრძელდება, რაც სიცრუით გაჯერებულ განცხადებებს ეფუძნება.
კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას, საპარლამენტო არჩევნების დროს დიპლომატების მიერ გაკეთებული განცხადებებიც გაიხსენა.
„ეს ყველაფერი ნაწილია იმისა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით – რამდენჯერმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, არსებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ჩვეულებრივი თანამონაწილეები არიან ამ პროცესის, თავიანთი განცხადებებითა და ქმედებებით.
გაიხსენეთ საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ისინი გამოდიოდნენ პოლიტიკური განცხადებებით. პირდაპირ ჰქონდათ მცდელობა ჩარეულიყვნენ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, რაც, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. ეს არ ეხება მხოლოდ ელჩებს. ნახეთ, ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი რას კადრულობს, რა განცხადებებს აკეთებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ, სიცრუეზეა დაფუძნებული და საზოგადოება ამას ხედავს“, – განაცხადა კალაძემ.
მან ასევე საქართველოში მედიის თავისუფლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს არ არის ის მოცემულობა, რაც 2012 წლამდე იყო და ყველა მედიასაშუალება ერთ ადამიანს ჯიბეში ედო.
„საზოგადოება ყველაფერს ხედავს. დღეს არ არის ის მოცემულობა, რაც იყო 2012 წლამდე, როდესაც ერთ ადამიანს ედო ყველა მედიასაშუალება ჯიბეში და საზოგადოებას არ ჰქონდა სწორი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. დღეს მედია აბსოლუტურად თავისუფალია, არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა სწორი ინფორმაცია მიიღონ ყველა საკითხზე“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები