მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში დაიწყო. ამის შესახებ „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონია დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაურს მოლდოვას რესპუბლიკის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კირილ გაბურიჩი დახვდა.
„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში, რომელიც “მიმი კასტელის” სასახლეში იმართება. სხდომის დასრულებისთანავე, გაიმართება სუამ-ის წევრი სახელმწიფოების დელეგაციების ხელმძღვანელთა ერთობლივი პრესკონფერენცია“,- აცხადებენ ადმინისტრაციაში.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები