წყალტუბოს მერმა ისრაელში მოღვაწე ქართველ ებრაელთა დელეგაცია მიიღო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ისრაელში მოღვაწე ქართველ ებრაელთა დელეგაცია მიიღო.
ქართველ ებრაელთა ორგანიზაციის „გულთა კავშირის“ პრეზიდენტმა პაატა იოსებაშვილმა წყალტუბოს მერს ქართველ ებრაელთა პროზის ანთოლოგია გადასცა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის დამეგობრებაში კულტურულ ურთიერთობებს ძალიან დიდ წვლილი შეაქვს.
„უკვე გამოცემულია ქართულ-ებრაული პოეზიის ანთოლოგია, ამჟამად პროზა გამოვიდა, დაგეგმილი გვაქვს ქართველ ებრაელთა მხატვრების კატალოგი გამოვცეთ, მიხარია, რომ გაგიცანით, ჩვენ ერთად ხელს ვუწყობთ ქართველთა და ებრალეთა მეგობრობის განმტკიცებას. გვინდა, რომ ჩვენმა შთამომავლებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ, ჩვენ ხომ ორი სამშობლო გვაქვს, ისრაელი და საქართველო“, – განაცხადა პაატა იოსებაშვილმა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა ქართველთა და ებრაელთა 26- საუკუნოვან ძმობასა და მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება და ისრაელის დელეგაციას, სიმბოლური საჩუქარი – წყალტუბოს ხედით გრანიტის ფილა გადასცა.
„გულთა კავშირს“ წყალტუბოში რობერტ აჯიაშვილი, ნუგზარ ჯანაშვილი, იზოლდა მოშიაშვილი, შალვა წიწუაშვილი, გერშონ წიწუაშვილი, იაკობ აჯიაშვილი წარმოადგენდნენ.
დელეგაციას თან ახლდა ქართველი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, პოეტი იზა ვეფხვაძე და სხვები. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში ოფიციალური შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა ჩვენი მწერლის, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლეს, სადაც მათ მაპინძლობა გაუწიეს დაჩი იოსელიანმა და თეა გიორგაძემ.
ქართველმა ებრაელებმა მწერლის მუზეუმი დაათვალიერეს და პატივი მიაგეს მის საფლავს.
„გულთა კავშირის“ წევრები წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმშიც იმყოფებოდნენ. სტუმრებმა წყალტუბოს საპატიო მოქალაქის, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ცნობილი ქართველი ებრაელი ქალბატონის, კულტურის მოღვაწის, აწ გარდაცვლილი მზია ხოტივარის კუთხე დაათვალიერეს.
დასკვნითი შეხვედრა მთავარ ბიბლიოთეკაში შედგა, სადაც სტუმრებმა ქართულ-ებრაული პროზის ანთოლოგია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილს და მთავარ ბიბლიოთეკას უსახსოვრეს.