“საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე როცა შემოდის, კანონმდებლობას უნდა დაექვემდებაროს, როგორც ჩვენი მოქალაქეები ექვემდებარებიან იქაურ კანონმდებლობას” – მაჭარაშვილი
“საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე როცა შემოდის, კანონმდებლობას უნდა დაექვემდებაროს, როგორც ჩვენი მოქალაქეები ექვემდებარებიან იქაურ კანონმდებლობას”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ის საქართველოს მთავრობის დადგენილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები მგზავრების გადაყვანის, საკურიერო მომსახურებისა და გიდების მიმართულებით ვერ დასაქმდებიან.
„ნებისმიერ ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანას თუ გადავხედავთ, ის ადამიანები, რომლებიც ლეგალურად არ იმყოფებიან ამა თუ იმ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, ოფიციალური შრომითი უფლებით არ სარგებლობენ. ქვეყნის კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს თუ არ აქვს ლეგალურად ქვეყანაში ცხოვრების უფლება, როგორ შეიძლება, შრომის უფლება ჰქონდეს? როცა უფლებებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უცხო ქვეყანაში როცა შედიხარ, რაღაც მიზნით შედიხარ. თუ არც ტურისტული მიზანია, არც სასწავლო, ბუნებრივია, ჯერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი ცხოვრების უფლება უნდა მოიპოვო და შემდეგ შეიძლება, იზრუნო შრომით უფლებებზე. რა არის დისკრიმინაცია? ქურდობის დროს ადამიანს რომ აკავებ, მისი უფლებები ირღვევა და დისკრიმინაციაა? პრეტენზიები ლოგიკურ ფარგლებში უნდა იყოს. რას ნიშნავს, დისკრიმინაცია? როცა საუბარია, რომ ადამიანი ქვეყანაში ლეგალურად არ იმყოფება, რა დისკრიმინაცია და უფლებებზე ვსაუბრობთ საერთოდ? ყველა უნდა შეეგუოს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე როცა შემოდის, კანონმდებლობას უნდა დაექვემდებაროს, როგორც ჩვენი მოქალაქეები ექვემდებარებიან იქაურ კანონმდებლობას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.