აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სიცილიის რეგიონის სამეწარმეო საქმიანობის მინისტრს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად, სიცილიის რეგიონის სამეწარმეო საქმიანობის მინისტრ ედი ტამაიოსთან შეხვედრა გამართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სიცილიის რეგიონის სამეწარმეო საქმიანობის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის იტალიაში პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე ასევე, მიმდინარე წლის ზაფხულში, პალერმოში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის ორგანიზების საკითხი განიხილეს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში თამარ ლილუაშვილი, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში ირაკლი ქოიავა, საქართველოს საპატიო კონსული ლეონარდა ამელია და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარმომადგენელი ქეთევან ქორქაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები