“საქართველოში ეკონომიკა იზრდება, რამაც მაღალი დასაქმების შესაძლებლობა გააჩინა და მნიშვნელოვანია, რომ ეს სიკეთე მოსახლეობაზე აისახოს” – გაბუნია
“ეს არის სწორი და დროული გადაწყვეტილება – საქართველოს მოქალაქეებისთვის მეტი შესაძლებლობა გაჩნდება იმისთვის, რომ დასაქმდნენ და შრომითი სარგებელი მიიღონ”, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია აცხადებს.
ის საქართველოში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებს.
“ვფიქრობ, აღნიშნული გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში დადებით შედეგებს მოგვცემს და მოსახლეობაზე პოზიტიურად აისახება. საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ სადაც ცხოვრობ, კონკრეტული ნებართვა გჭირდება როგორც ბინადრობის, ასევე დასაქმების. საქართველოში ეკონომიკა იზრდება, რამაც მაღალი დასაქმების შესაძლებლობა გააჩინა და მნიშვნელოვანია, რომ ეს სიკეთე მოსახლეობაზე აისახოს. განკარგულებით დადგენილია კონკრეტული სტანდარტები, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს“, – აღნიშნავს გაბუნია.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები მგზავრების გადაყვანის, საკურიერო მომსახურებისა და გიდების მიმართულებით ვერ დასაქმდებიან.