სოფელ ლენჯერში ლელა ჯაჯვანის კოშკს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ლელა ჯაჯვანის კოშკს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 3 აგვისტოს ბრძანებით მიიღო.
მართკუთხა ფორმის კოშკი აშენებულია ნატეხი ქვით. დგას შემაღლებულ ფერდობზე. შემორჩენილია კოშკის ორი სართული და ცოკოლის ნაწილი. სამხრეთით, მეორე სართულის დონეზე, გაჭრილია სწორკუთხა ფორმის კარი თარაზული გადახურვით, რომლის თავზეც გაკეთებულია ღია ლუნეტი. სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებზე აქვს ქვის შვერილები. შემორჩენილი კედლების ყველაზე მაღალი ნაწილი დაახლოებით ათი მეტრი სიმაღლისაა, ხოლო ყველაზე დაბალი – ორ მეტრზე ცოტა მეტი.
გვიან პერიოდში კოშკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პირველი სართულის დონეზე, მიდგმულია ბლოკით ნაგები მინაშენი.
კოშკი ტრადიციული სვანური კოშკის ტიპური ნიმუშია.  დაზიანებების მიუხედავად არ დაუკარგავს ფასეულობები კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით და იმსახურებს უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები