არჩილ თალაკვაძე: გვჭირდება აქტიური მოქმედება, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის უსაფრთხოება დაცული იყოს
საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ოჯახი აცხადებს, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი ნაცემია. თალაკვაძის განცხადებით, ახლა ერთიანობა და აქტიური მოქმედებაა საჭირო, რათა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული.
“ომბუდსმენისგან მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ მაია ოთინაშვილის მიმართ მოხდა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა. ახლა გვჭირდება ერთიანობა და აქტიური მოქმედება, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული.
მივმართავთ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს დროულად გადაამოწმონ მაია ოთინაშვილის მდგომარეობა. ჩვენის მხრივ როგორც ოფიციალურ ფორმატებში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ, რომ რეაგირება იყოს დროული და მაია ოთინაშვილი ოჯახს დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს.
გატაცების ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონებში, რაზეც პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს და რუსეთის ფედერაციას ეკისრება”,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.