იუსტიციის მინისტრი „ODIHR“-ის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდა. თეა წულუკიანმა, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებისათვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, საერთაშორისო დამკვირვებლებს ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობის შესახებ და კომისიის მუშაობა გააცნო.
იუსტიციის მინისტრის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდად მიმდინარეობს, რაც 2012 წლიდან ტენდენციად იქცა. მცირდება როგორც ზოგადად დარღვევების, ისე ძალადობრივი ინციდენტების რიცხვი. უწყებათაშორისი კომისიის სახელზე, რომელიც ამგვარ დარღვევებზე რეაგირების მექანიზმია, 1-ლი ივლისიდან დღემდე 17 განცხადებაა შემოსული და მათგან მხოლოდ ორი ეხება შესაძლო ძალადობრივ დანაშაულს – ფიზიკურ დაპირისპირებას. მკვეთრად შემცირებულია, აგრეთვე, სააგიტაციო მასალის დაზიანების შემთხვევები. იუსტიციის მინისტრის თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია თავისი მანდატის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს ამ ტენდენციის შესანარჩუნებლად.
იუსტიციის მინისტრის თქმით, უწყებათაშორისი კომისია პროაქტიულად რეაგირებს შესაძლო დარღვევებზე, თვალს ადევნებს მედიითა და სოციალური ქსელით გასულ ინფორმაციას და ხშირად პროაქტიულად ახდენს რეაგირებას შესაძლო ინციდენტებზე საარჩევნო სუბიექტების მხრიდან საკითხის დაყენებამდე.
იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველი მომდევნო არჩვენებისათვის საქართველოს აქვს უკეთესი საარჩევნო სიები – მოქალაქეთა მონაცემთა ბაზის დასაზუსტებლად იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში უწყვეტად მიმდინარეობს ხარვეზების აღმოფხვრა. სიების სანდოობა იზრდება ყოველი მომდევნო არჩევნებისათვის. 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე საქართველოს პირველად ჰქონდა საარჩევნო უბნებზე ფოტოსურათიანი სიები. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის უკვე დაწყებულია საქართველოს ისტორიაში ყველაზე ზუსტი საარჩევნო სიის ფორმირება. ფოტოსურათიანი საარჩევნო სიის ფორმირებისთვის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2 700 000-ზე მეტი ელექტრონული პირადობის მოწმობა გაიცა. აქედან იუსტიციის მინისტრის ბრძანებების საფუძველზე, მილიონზე მეტი ბარათი − უფასოდ ან შეღავათიან ფასად. სიაში უკვე არსებობს თითქმის სამ მილიონამდე ამომრჩევლის მონაცემები ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობის მონაცემი უტყუარი და დაზუსტებულია. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ჩვენს ქვეყანას თავისი ისტორიის განმავლობაში საუკეთესო და ყველაზე ზუსტი საარჩევნო სია ექნება.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) საქართველოში მიმდინარე არჩევნებს სისტემატურად აკვირდება. 2017 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას შუალედური ანგარიშში ორგანიზაციამ მაღალი შეფასება მისცა იმ ძალისხმევას, რაც „საქართველოს ხელისუფლებამ ამომრჩეველთა სიის მაქსიმალურად დაზუსტებისათვის“ გასწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები