ნატო ჩხეიძე პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა
პარლამენტის დეპუტატი ნატო ჩხეიძე თბილისის პროკურატურაში „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ადვოკატთან ერთად მივიდა.
ნატო ჩხეიძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ გიორგი ფანცულაიასთან ერთად გამოცხადდა.
პროკურატურაში შესვლამდე ნატო ჩხეიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის დააკვირდება ვითარებას და გადაწყვეტს, მისი დაკითხვა მოხდეს სასამართლოში თუ პროკურატურაში.
ჟურნალისტის კითხვაზე, „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე რატომ არ ჰქონდათ კომუნიკაცია მას და მის მეუღლეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან, რომლებიც იმ პერიოდში მისი თანაგუნდელები იყვნენ, ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ 7 და 14 სექტემბერს მათ ეს ყველაფერი იცოდნენ, „მაგრამ არ ჩათვალეს საჭიროდ ამას გამოხმაურებოდნენ“.
მისი თქმით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ განეცხადებინა პარტიის დატოვების შესახებ და აღნიშნავს, რომ ის უკვე ოფიციალურად ფრაქციას 8 ოქტომბერს დატოვებს.
„თანაგუნდელებს, რომლებიც ახლა აღარ არიან ჩემი თანაგუნდელები, ჰქონდათ ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია. ზუსტად 7 და 14 სექტემბერს მათ ეს ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ არ ჩათვალეს საჭიროდ ამას გამოხმაურებოდნენ. არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ რამე ეთქვათ, სწორედ ამის გამო იყო, რომ მე გავაკეთე განცხადება და გამოვედი ამ პარტიიდან, ხოლო 8 ოქტომბერს ფრაქციიდან გამოვალ“, – აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.
ნატო ჩხეიძე ასევე გამოეხმაურა „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებასაც და აღნიშნავს, რომ მას კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებით ფინანსურ ვალდებულებებზე ინფორმაცია არ აქვს.
თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ გავრცელებულ აუდიომასალაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი პირები, ხოლო დღეს, გამომძიებლები პირველად მოისმენენ ნატო ჩხეიძის ჩვენებას, რომელსაც ის მოწმის სტატუსით მისცემს.