“სამართალი, რომელიც ოქუაშვილს “ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ წაართვა, “ქართულმა ოცნებამ“ დაუბრუნა”

სამართალი, რომელიც ზაზა ოქუაშვილს “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ წაართვა, “ქართულმა ოცნებამ“ დაუბრუნა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ოქუაშვილმა ბიუჯეტის წინაშე დაახლოებით 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა და სურს, რომ ვალი ბიუჯეტში არ გადაიხადოს, “რისთვისაც უკადრებელს კადრულობს“.
“სიტუაცია არის ასეთი: ზაზა ოქუაშვილი არის ადამიანი, რომელსაც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ანუ აკაკი ბობოხიძემ, სერგი კაპანაძემ და რომან გოცირიძემ ჯერ ბიზნესი წაართვეს და შემდეგ – ტელევიზია. ვიდრე კანონიერ მეპატრონეს “რუსთავი2“-ს წაართმევდნენ, მანამდე იყო ტელეკომპანია “იბერიას“ საქმე. ყველას გვახსოვს, როცა თანამშრომლები მიწაზე იწვნენ. ეს არის სწორედ ჰოლოკოსტი, როცა ადამიანის ღირსების შელახვით ხდება ბიზნესისა და ტელევიზიის წართმევა. ეს მოხდა “ნაციონალური მოძრაობის“ დროს. 2012 წლის შემდეგ, ქვეყნიდან განდევნილი ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი საქართველოში დაბრუნდა და მას “ქართული ოცნების“ ხელისუფლების დახმარებით, ბიზნესი და ტელევიზია სრულად უანგაროდ დაუბრუნდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ბიუროს დახურულ სხდომაზე, სადაც “ომეგა ჯგუფისა“ და მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების საკითხზე საუბრობდნენ, ბიუროს წევრებს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა, რაც ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.
სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სერგი კაპანაძემ და აკაკი ბობოხიძემ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის მოსვლა მოითხოვეს.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან აღინიშნა, ფარული ჩანაწერებიდან იკვეთება, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ბიზნესის რეკეტს და ფულის გამოძალვას.
უმცირესობის წარმომადგენლებმა უმრავლესობის წევრებს ერთგვარი რიტორიკული კითხვით მიმართეს, პარლამენტს უნდა მოეხდინა თუ არა რეაგირება ამ საკითხზე და შესაბამისი უწყებები დაებარებინა.
უმცირესობას დეპუტატმა, ეკა ბესელიამ უპასუხა, რომელმაც აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ პარლამენტის წევრები, პირველ რიგში, იმით უნდა ინტერესდებოდნენ, თუ რამდენად კანონიერად ხდება ფარული ჩანაწერების მოპოვება და ხომ არ აქვს ადგილი პირად სივრცეში უკანონო შეჭრას. ამ კონტექსტში ბესელიამ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გამკაცრდა კანონმდებლობა ფარული ჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით.
ცხარე კამათი მას შემდეგ გამწვავდა, რაც დისკუსიაში უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩაერთო. კობახიძემ უმცირესობის ბრალდებებს კონტრბრალდებებით უპასუხა და 9-წლიან რეჟიმზე გაამახვილა ყურადღება. კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იყო კომედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები