უფლისციხეში ქართულ-გერმანული მუსიკალური თეატრის საპრემიერო ჩვენებები დაიწყო
უფლისციხის მუზეუმ – ნაკრძალის ტერიტორიაზე 28 სექტემბრიდან ქართულ-გერმანული მუსიკალური თეატრის საპრემიერო ჩვენებები დაიწყო.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, თეატრალური წარმოდგენები მაყვლოვანის თეატრონის სცენაზე სააგენტოს საზოგადოებრივი კლუბის „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ეგიდით წარიმართება, რაც, მისი მთავარი დანიშნულების პარალელურად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების კულტურული აქტივობებით დატვირთვასაც გულისხმობს.
სპექტაკლ „პრობლემური ვახტანგურის“ პრემიერები უფლისციხეში მომდევნო 3 დღის განმავლობაში წარიმართება, რომლიც შემდეგაც ქართულ-გერმანული დასი წარმოდგენების გასამართად დიუსელდორფში გაემგზავრება, სადაც 3 ოქტომბერს კაისერპლაცზე დიუსელდორფის თეატრის ფესტივალის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას. 6 ოქტომბერს კი წარმოდგენას ფრანკფურტში არქეოლოგიურ მუზეუმში გამართავენ.
ლაშა ბუღაძისა და კლაუდია რუშის ავტორობით დადგმულ სპექტაკლი, რომლის რეჟისორი ფრანკ შულცია, მუსიკალურადაც ქართულ-გერმანული ტანდემის, კომპოზიტორების – ვოლფგანგ მიტერერისა და იოსებ ბარდანაშვილის მიერაა გაფორმებული.
სპექტაკლი 3- წლიანი შემოქმედებეითი სამუშაოების შედეგია, რომელიც თეატრ კონტრა-პუნქტისა და ორგანიზაციის “ხელოვნების განვითარება საქართველოში“ თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა.
საპრემიერო ჩვენებებამდე თეტრალურმა დასმა მოსამზადებელი ფაზა თბილისში გაიარა.