პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომლები გერმანიის ბუნდესტაგის კვლევითი საქმიანობის გამოცდილებას გაეცნენ

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოში სტუმრად გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის უფროსის მოადგილე, ულრიხ შოლერი იმყოფება. გერმანელი პროფესორი, რომელიც გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში კვლევით მიმართულებებზე მუშაობს და ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნო და დეპარტამენტის თანამშრომლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც პარლამენტის ეფექტური საქმიანობისთვის კვლევითი მასალების გაცნობის მნიშვნელობასა და ამ კუთხით, გერმანული გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა.
„კვლევითი მიმართულება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელების ერთ-ერთ მექანიზმს, სწორედ კვლევითი დეპარტამენტის მიერ მოძიებული, შემუშავებული და მომზადებული დასკვნები წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით, ბუნდესტაგის გამოცდილება მეტწილად დაეხმარება ჩვენი კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომლებს თავიანთი უნარების განვითარებაში და ცოდნის ამაღლებაში.
კვლევითი კომპონენტის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაშიც გამოიხატება, რომ როდესაც ორი დღის წინ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსებმა ხელი მოვაწერეთ „თბილისის მემორანდუმს“ და ზამთრის პირველი აკადემიის აქტივობები დავგეგმეთ, ყველა მხარე ერთხმად შევთანხმდით, რომ ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს კვლევითი მიმართულების განვითარება წარმოადგენს. ამიტომ აკადემიის პირველი ტრენინგი, რომელიც ექვსი ქვეყნის პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის 2019 წლის იანვარში თბილისში გაიმართება, სწორედ კვლევით მიმართულებებს და მეთოდოლოგიას დაეთმობა, რომელზეც გერმანელი ექსპერტები ბუნდესტაგის გამოცდილებაზე ისაუბრებენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსი, გერმანელი პროფესორის მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრის გამართვას მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა, ექსკლუზიურად ტარდება.
„დარწმუნებული ვარ ეს იქნება ნაყოფიერი და შედეგიანი შეხვედრა, რომელიც კვლევითი დეპარტამენტის საქმიანობის ხარისხის ამაღლების უფრო მეტ შესაძლებლობებს მოგვცემს და მზად ვიყოთ იმ გამოწვევებისთვის, რომლის წინაშეც საქართველოს პარლამენტი გაზრდილი კომპეტენციით, ახალი კონსტიტუციის და კანონმდებლობის ძალაში შესვლის კუთხით დგას“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები