ჯანდაცვის კომიტეტში ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საკვების ფორთიფიკაციის ინიციატივის მისიას უმასპინძლეს

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საკვების ფორთიფიკაციის ინიციატივის მისიის მიზანია ადგილზე სიტუაციის გაცნობა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ფქვილის რკინითა და ფოლიუმის მჟავით მანდატორული ფორთიფიკაციის საკითხის ადვოკატირება.
შეხვედრის მონაწილეებმა, რომელთა შორის იყვნენ საკვების ფორთიფიკაციის ინიციატივის (FFI – Food Fortification Initiative) კომუნიკაციების კოორდინატორი სარა ციმმერმანი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა და სხვები, განიხილეს ქვეყანაში ნუტრიციული ზედამხედველობის სისტემა. ასევე გაეცნენ ინფორმაციას ანემიის, რკინის დეფიციტის, იოდის და NTD-ს კვლევის შედეგების შესახებ და იოდიზებული მარილის ეფექტურობაზე. სარა ციმმერმანმა ასევე ისაუბრა ფქვილის ფორტიფიკაციაზე და საქართველოში ამ პროცესის საჭიროებასა და ადვოკაციაზე.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ იოდდეფიციტური დარღვევები, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, ენდემურია საქართველოსთვის. იგი გამოწვეულია იოდის დაბალი დონით წყალში, ნიადაგსა და შესაბამისად, საკვებშიც. მნიშვნელოვანი პრობლემაა სხვა ნუტრიენტების დეფიციტიც.
„მიკრონუტრიენტთა დეფიციტის ზედამხედველობის გაძლიერების“ კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, 2015 წლიდან საქართველოში ხორციელდება ნუტრიციული ზედამხედველობის სისტემის ფორმირება ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკური ცენტრების (US CDC) და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის (NCDC) მიერ. სისტემაში ჩართულია ლაბორატორიული კვლევის კომპონენტი რკინის, ფოლიუმის მჟავის და იოდის დეფიციტის გამოსავლენად როგორც ბავშვთა, ასევე ორსულთა კონტინგენტში. პროექტის განხორციელების განვლილ პერიოდში მიღებულია ფრიად საყურადღებო მონაცემები, კერძოდ: მაღალია რკინის დეფიციტისა და ანემიის მაჩვენებელი 12-23 თვის ბავშვებსა და 1-ლი ტრიმესტრის ორსულებში, მაღალია ფოლატის დეფიციტის მაჩვენებელი 1-ლი ტრიმესტრის ორსულებში, მაღალია ნერვული მილის დეფექტების (NTDs) გავრცელების მაჩვენებელი.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა აცხადებს, გამოკვლევები ცხადყოფენ, რომ ფქვილის იოდით და ფოლიუმის მჟავით გაჯერება აუცილებელია და ამ უნივერსალურ შესაძლებლობაზე საქართველომ უარი არ უნდა თქვას და რაც უფრო დროულად გადაწყდება ეს საკითხი, მით უმჯობესია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაც, რომლის მიხედვით, დღეს არსებული მცირე მასშტაბის კვლევის საფუძველიც კი საკმარისია იმისათვის, რომ მოხდეს როგორც ფქვილის, ასევე სხვა პროდუქტების ფორტიფიცირება – ასეთი პრაქტიკა ნამდვილად არსებობს 85 ქვეყანაში, თვით აშშ-შიც კი, სადაც დეფიციტური მიკროელემენტებით, ფოლიუმის მჟავით ხდება პურის ფქვილისა და სხვა ხშირად მოხმარებადი პროდუქტების გაჯერება.
საკითხისადმი ფორსირებულ მიდგომას არ იზიარებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე და, შესაბამისად, საპარლამენტო კომიტეტი.
„პარლამენტის დამოკიდებულება ასეთია – კვლევები უნდა იყოს სრულფასოვანი და ამომწურავი, ინფორმატიული, თუ რა საჭიროებაა და რა მიზნობრივ ჯგუფებზეა გათვლილი ფორტიფიცირებული პროდუქტები, ან და ეს ინიციატივა მასშტაბურად იქნას განხორციელებული და მხოლოდ ამის შემდეგ იყოს მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფო 2015 წლის შემდეგ ახორციელებს ნუტრიციული ზედამხედველობის სისტემურ ფორმირებას, რაშიც ჩართულია ლაბორატორიული კვლევის ნაწილი, რომ სწორად შეფასდეს ვითარება, თუ რა მიკროელემენტების დეფიციტი არსებობს ქვეყანაში. დაფიქსირდა რკინის დეფიციტი, განსაკუთრებით ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებში და ფოლიუმის ნაკლებობა ორსულებში. ჩატარდა ასევე იოდის შემცველობაზე კვლევები, აქ დადებითი ტენდენციები გვაქვს – დეფიციტი ნაკლებად ფიქსირდება.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრის დამოკიდებულება იმდაგვარია, რომ ის ეფუძნება მსოფლიო პრაქტიკას, როდესაც ქვეყნების უმეტესი ნაწილი იყენებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას და ზოგჯერ კვლევების გარეშე ახდენენ ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტის, მაგალითად, პურის ფქვილის ფორტიფიცირებას – გაჯერებას მიკროელემენტებით. ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ გვქონდეს მეტი მტკიცებულება, ვეფუძნებოდეთ კვლევებს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. აუცილებელია, რომ მიკროელემენტების საჭიროება, ანუ პრემიქსი, რომელიც იქნება გამოყენებული ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტის, ანუ პურის ფქვილის ფორტიფიცირებისათვის, სწორად შეფასდეს. უნდა დაზუსტდეს, თუ რომელი მიკროელემენტების ნაკლებობაა ქვეყანაში და მხოლოდ ამის შემდეგ იქნას მიღებული გადაწყვეტილება – მოხდეს მასშტაბური ინტერვენცია მთელს მოსახლეობაზე მიკროელემენტებით გაჯერებული ფქვილის და, შესაბამისად, პურის მიწოდება, თუ ეს მოხდეს მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფებისთვის”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები