საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება“ განიხილა.

იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება 2018 წლის 4 სექტემბერს გაფორმდა. მთავრობათა შორის ნოტების გაცვლა წარმოადგენს აღნიშნული პროექტისთვის საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შორის გასაფორმებელი სასესხო შეთანხმების საფუძველს.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 16 დეკემბერს ნოტების გაცვლის საფუძველზე გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება, რომლის შედეგადაც JICA-მ საქართველოს გამოუყო შეღავათიანი სესხი დაახლოებით 198 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა მოხმარდა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციას. 2016 წილის 7 მარტს ნოტების გაცვლის შემდგომ საქართველოსა და JICA-ს შორის კვლავ გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება დამატებით 39 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც ასევე გათვალისწინებულია ამავე პროექტის ფარგლებში დამატებითი სამუშაოებისთვის.

ამჟამად წარმოდგენილი ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება წარმოადგენს იმ სასესხო შეთანხმების საფუძველს, რომლის მიხედვითაც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო საქართველოსთვის გამოყოფს 38,7 მლრდ. იაპონურ იენს (დაახლოებით 343 მლნ. დოლარი) „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის“ მეორე ფაზის განსახორციელებლად. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შეთანხმების რატიფიცირებას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი სასესხო ხელშეკრულება „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (ფაზა2)“,

2018 წლის 4 სექტემბერს საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს JICA-ს მიერ საქართველოსთვის 38,7 მლრდ. იაპონური იენის (დაახლოებით 343 მლნ. დოლარი) გამოყოფას 40 წლის ვადით. აღნიშნული ფინანსური რესურსი მოხმარდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის 14,7კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობას. პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ის 2021 წელს დასრულდება.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი“ ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების უმსხვილესი კომპონენტია და მისი მიზანია საქართველოს სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების აშენებით, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურობას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა ზემოაღნიშნული შეთანხმება და მიაჩნია, რომ იაპონიის მონაწილეობა საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც ითვალისწინებს არამარტო ფინანსურ, არამედ იაპონური ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამის მშენებლობას მეტად მნიშვნელოვანია საგზაო ქსელის განვითარების, სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდისა და საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მხარი დაუჭირა სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირებას.

„სექტემბრის დასაწყისში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში პირველად იმყოფებოდა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი დაინტერესება ინფრასტრუქტურული პროექტებით. იაპონიის ჩართულობას მსგავს პროექტებში ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და პარლამენტის მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ იაპონიასთან მჭიდრო თანამშრომლობა“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა „ევროკავშირსა (როგორც დონორსა) და საქართველოს (როგორც ბენეფიციარს), საქართველოს ეროვნულ ბანკს (როგორც ბენეფიციარის ფინანსურ აგენტს) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმისა (მაკროფინანსური დახმარება საქართველოსათვის 45 მილიონ ევრომდე)“ და „ევროკავშირსა (როგორც სესხის გამცემსა) და საქართველოს (როგორც სესხის მიმღებს), საქართველოს ეროვნულ ბანკს (როგორც სესხის მიმღების ფინანსურ აგენტს) შორის სასესხო შეთანხმება (მაკროფინანსური დახმარება საქართველოსათვის)“.

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული დახმარება მოიცავს 45 მლნ. ევროს ოდენობით ფინანსურ მხარდაჭერას, საიდანაც 35 მლნ ევრო გამოყოფილი იქნება სესხის სახით, ხოლო 10 მლნ. ევრო-გრანტის სახით. სასესხო შეთანხმების მიხედვით სესხის თანხა გაიყოფა 2 ტრანშად. პირველი ტრანშის დროს გამოყოფილი იქნება 15 მლნ. ევრო, ხოლო მეორე ტრანშით გათვალისწინებული 20 მლნ. ევროს გამოყოფა მოხდება ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემდგომ. აღნიშნული წინაპირობები გათვალისწინებულია მემორანდუმის დანართ 1-ში და მოიცავს 11 ღონისძიებას შემდეგი მიმართულებებით: საჯარო ფინანსების მართვა, საფინანსო სექტორი, სოციალური და შრომის ბაზრის პოლიტიკა და ბიზნესგარემო.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი წარმოადგენს საქართველოს ბიუჯეტის მხარდამჭერს სესხს და იგი სრულად მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.

სესხის ფინანსური პირობების დადგენა მოხდება სესხის თითოეული ტრანშისთვის ცალ-ცალკე, ხოლო მისი დაფარვის ვადა იქნება 15 წელი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პროგრამა რიგით მესამეა. პირველი განხორციელდა 2009-2010 წლებში, ხოლო მეორე 2014-2017 წლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები